თენგიზ ფხალაძე - შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პუტინი-ბაიდენის შეხვედრაზე საქართველო ცალკე განხილვის საკითხი იყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი ყოფილიყო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე

ის, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრაში საქართველოს საკითხი უნდა იყოს და ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაში ორი აზრი არ არის. ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

ფხალაძის შეფასებით, ეს იყო უაღრესად დაძაბული და რთული შეხვედრა.

„რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, ეს იყო ლიდერებს შორის პირველი შეხვედრა და იმით, რომ ცალ-ცალკე იყო განცხადებები და აბსოლუტურად ყველაფრით ჩანდა, რომ ეს იყო უაღრესად დაძაბული და რთული შეხვედრა, რაზეც შემდგომ ღიად ისაუბრეს როგორც ბაიდენმა, ასევე პუტინმა. გარღვევას ამ შეხვედრიდან ნამდვილად არავინ ელოდებოდა. მთავარია ის, რომ პოზიციამ რომელიც უნდა დაფიქსირებულიყო, დაფიქსირდა ის, რც თქვა ჯო ბაიდენმა, რომ ამერიკის პრეზიდენტი თვალს ვერ დახუჭავს როცა საფრთხე ემუქრება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მსოფლიოში უსაფრთხოებას და ა.შ. ერთი რამეც უნდა ვიცოდეთ, რომ პრესკონფერენციაზე არ ითქმის ყველაფერი და საუბარი იქ დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვა თემაზე იყო, რომელიც პრესკონფერენციის დროს შესაძლებელია არ გაჟღერდა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ბაიდენმა თქვა - პუტინმა უნდა მიიღოს გზავნილი მსოფლიოსგან, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს არის ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი. აქედან გამომდინარე შემდომ რა ნაბიჯები გადაიდგმება, ამას მომავალი გვიჩვენებს.

გუშინდელ შეხვედრაზე მსოფლიო უსაფრთოებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა გაჟღერდა, რაზეც მეტ-ნაკლებად პოზიციების დაახლოება მოხდა. ეს არის ბირთვული უსაფრთოების საკითხები, ეს არის ის, რომ საელჩოებმა ორივე ქვეყანაში დაიწყონ ფუნქციონირება მეტ-ნაკლებად ნორმალურად, მაგრამ ის, რაც გაჟღერდა გუშინ არ არის ამომწურავი ჩამონათვალი იმისა, რაზეც იყო საუბარი“, - განაცხადა ფხალაძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულად საქართველოზე არა, მაგრამ შეხვედრაზე შავი ზღის უსაფრთოების საკითხი განხილვის თემა ყოფილიყო.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველო იყო ცალკე განხილვის საკითხი, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას, რომ საუბარი ყოფილიყო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ასევე ზოგადად, ახალგაზრდა დემოკრატიების მიმართ კრემლის პოლიტიკაზე. ეს გამოჩნდება მომავალში. ჩვენთვის მთავარია რა შედეგი მოყვება ამ შეხვედრას. მივესალმები იმას, რომ რაც შეიძლება მეტი საუბარი იყოს საქართველოზე და უფრო მეტად ჟღერდეს ნებისმიერი პრესკონფერენციის, ბრიფინგის, შეხვედრის დროს. ჩემთვის მთავარია ის, რომ ამას შეხვედრას მოყვეს ქმედითი ნაბიჯები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, საქართველოს პოლიტიკური დაცულობისთვის. მთავარია რუსეთთან მივიდეს გზავნილი, რომ საქართველოს მიმართ არალეგიტიმური ქმედება არ შეიძლება და ამას მოყვება ძალიან სერიოზული ფასის გადახდა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან მკაცრი რეაქცია. ეს გვინდა მივიღოთ. ამ ერთი შეხვედრით არაფერი მთავრდება, პირიქით, იმედი მაქვს, რომ ამას მოყვება სხვა შეხვედრები აშშ-სა და რუსეთს შორის, რომელიც რუსეთის პოზიციას გახდის უფრო განსხვავებულს და ისეთს, რომელიც ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს“, - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე თქმით, მანამ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაცია არ მოხდება, საქართველოს მიღწეულით თვითკმაყოფილების ფუფუნება არ აქვს.

„საქართველო უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს ყოველთვის, სანამ არ მიაღწევს საბოლოო მიზანს. სანამ ამ ქვეყანაში არის თუნდაც ერთი გოჯი მიწა ოკუპირებული, თუნდაც ერთი უკანონო მავთულხლართი, თუნდაც ერთ მოქალაქეს ეზღუდება გადაადგილების თავისუფლება და ერთი ადამიანი მაინც არის უკანონოდ დაპატიმრებული ოკუპანტის მიერ, მანამდე შეუძლებელია რამით კმაყოფილი იყო. მილიონჯერ რომ გვახსენოს ბაიდენმა, სანამ საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაცია არ მოხდება, შეუძლებელია რამით კმაყოფილი იყო. რისი ფუფუნებაც არ გვაქვს, თვითკმაყოფილებაა. თუკი რაიმე მიღწევები გვქონდა გუშინდელ დღემდე, ახლა ათჯერ, ასჯერ და ათასჯერ მეტი უნდა იყოს. აქტიურობა აუცილებელია. უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები!“ - განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ჟენევაში პირველი შეხვედრა გაიმართა.

ლიდერებს შორის ჟენევაში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა 4.5 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ ბაიდენმა და პუტინმა შეხვედრის თაობაზე ცალ-ცალკე გამართეს პრესკონფერენციები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა