პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პირველად საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი მოეწერება

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდარში (ვატიკანი) იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ეს საქართველოს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაში პირველად მოეწერება ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.

დღემდე ვატიკანსა და საქართველოს შორის არცერთ სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი არ გაფორმებულა. ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებზე განიხილეს ურთიერთობის ის შესაძლებლობები, რომელიც ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს მისცემს საშუალებას ისწავლონ ვატიკანის მუზეუმის სასწავლო ლაბორატორიებში და გაიარონ 6-თვიანი პრაქტიკა 7 სხვადასხვა სახეობის სახელოსნოში.

თანამშრომლობის მეორე მიმართულება გამოფენების ჩატარებას უკავშირდება, მესამე კი, ვატიკანის მუზეუმის წარმომადგენლების ჩართვას საქართველოში მიმდინარე სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებში, რაშიც დღეს გადაუდებელი საჭიროება არსებობს.

აღნიშნული საკითხები საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანის მუზეუმის დირექტორთან ბარბარა იატასთან შეხვედრისას განიხილა, რის შემდეგაც მუზეუმის დირექტორმა პრეზიდენტს მუზეუმში რესტავრაციის კონკრეტული ნიმუშები აჩვენა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისტორიული არქივის დირექტორთან კარდინალ ლუის ანტონიო ტაგლესთან შეხვედრისას არქივის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის დიდი ინტერესის მატარებელია და მნიშვნელოვანია ამ არქივზე სამუშაოდ დაშვებული იყვნენ ქართველი სტუდენტები და მკვლევარები, რომლებიც შეძლებენ საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროების კვლევას, სისტემატიზაციას და კატალოგიზაციას.

პრეზიდენტი არქივში გაეცნო წმინდა ქეთევანის წამებისა და მისი წმინდა ნაწილების გადაბრძანების ისტორიას, ასევე, მისი შვილის, თეიმურაზის რწმენით აღსავსე წერილსა და სხვა ავტორების დოკუმენტებს, რომლებიც წმინდა საყდრიდან წარგზავნილი მისიოენერების მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტი აუდიენციას გამართავს მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა