პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ

პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას იწყებს. 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს და სავარაუდოდ, მომავალ კვირას, განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

მომხსენებელია თავად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

საპარლამენტო ანგარიშის პირველი თავი სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავს. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2017 წლებში პატიმართა გარდაცვალების 17 შემთხვევა შეისწავლა. საქმის მასალები გაცნობის შედეგად დგინდება, რომ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები ქონდათ, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არ მკურნალობდნენ. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, გამოძიება მხოლოდ გარდაცვალების საბოლოო მიზეზებით ინტერესდებოდა და არ იკვლევდა უტარდებოდათ თუ არა, ან რატომ არ უტარდებოდათ პატიმრებს სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

საანგარიშო პერიოდში აღსანიშნავია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიების ხარვეზები. სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების საწყის ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა, თუმცა გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების შესაძლო უფლების დარღვევის ფაქტები.

ასევე საგულისხმოა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, სადაც გამოძიების მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა მთელი რიგი საკითხები. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს, საქმის ფარგლებში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმება კვლავ არ დასრულებულა.

2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ. განცხადებების მიხედვით, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ჩამდენი პირები 77 შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, ხოლო 60 შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები. განცხადებები ასევე ეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებსა და გამოძიების გაჭიანურებას.

სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგით გამოვლინდა, რომ 2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია.

“ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების (463 საეჭვო შემთხვევა) 34.3%-ში დაფიქსირდა დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების ფაქტები. ეს მაჩვენებელი 2018 წელს - 26.8%, ხოლო 2019 წელს 31.8% იყო“, - აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებულ საქმეებში არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანაში (გაჩერებულ მდგომარეობაში ან ტრანსპორტირებისას) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის, ცემაზე. ავტომანქანაზე, როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ადგილზე, საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშშიც.

ომბუდსმენის ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად, პენიტენციური სისტემის უმთავრეს პრობლემას არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს, რომელიც დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ის საქმეები (2013-2020 წლებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით) სადაც პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის, ჩართული პირების, მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების (მუქარის, ცემის, გამოძალვის, ეკონომიკური დანაშაულების, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და სხვა) თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ როგორც პატიმრები, ასევე გამოკითხული მოწმეები, მათ შორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადასტურებდნენ მსგავსი სქემის არსებობას, საქართველოს პროკურატურის და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის ორგანოებს აღნიშნულ საქმეებზე ეფექტიანი რეაგირება პირთა პასუხისგებაში მიცემის გზით არ მოუხდენია, ასევე, მრავალი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაუტარებელი დარჩა.

სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს პატიმართა (მათ შორის არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკას.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, 2020 წლის მონიტორინგმა კვლავ წარმოაჩინა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფა პრობლემურია. ასევე კვლავ გრძელდება პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკა, რა დროსაც პატიმრის სხეულის ყველა ნაწილის ერთდროულად და არა ნაწილ-ნაწილ გაშიშვლება ხდება.

„ფსიქიატრიული დაწესებულებებში 2020 წელსაც გამოვლინდა ძალადობის შემთხვევები, როგორც დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე თავად პაციენტთა შორის კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტები. კვლავ პრობლემურია პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების ხშირი და მანკიერი პრაქტიკა. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა.

კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება პროკურატურის მიერ. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პასუხისგებაში მხოლოდ პოლიციის 3 თანამშრომელი მიეცა, დაზარალებულად მხოლოდ ერთი პირი ცნეს. 2019 წლის 20 ივნისის გამოძიებასთან დაკავშირებით მდგომარეობა უცვლელია, სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების იდენტიფიცირებაზე და არ ახდენს მოვლენების სრულ სისტემატურ ანალიზსა და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენას.

არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისგებაში მიეცა პოლიციის 1 თანამშრომელი, სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს, რომელიც შესაძლოა სხვა პირთა დამნაშავეობაზე მიუთითებდეს. საქმის მასალებით პირველ რიგში იკვეთება, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ცდილობდა მოწმეებზე ზემოქმედებას, რათა მათ ამ პოლიციელის სასარგებლო ჩვენება მიეცათ. ასევე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა, მაშინ როცა პირველადი ჩვენებით სხვა პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხიც დგებოდა დღის წესრიგში. აღნიშნული გარემოებების შესწავლისა და გამოძიების დაწყების მიზნით სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას მიმართა, რომელმაც წინადადება არ გაიზიარა“, - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წელს განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო თემურ აბაზოვის საქმე, რომელსაც ბრალი ედებოდა პირის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებასა და ამ ქმედების ამსახველი კადრების საჯარო გავრცელების ორგანიზებაში. პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 2 მძიმე ბრალიდან ერთი (კადრების გავრცელების ორგანიზება) დაუსაბუთებელად მოხსნა, რითიც სასამართლოს წაართვა ერთ-ერთ დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და ფაქტობრივად ხელი შეუწყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თავში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პრაქტიკაა განხილული. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ყველა საერთაშორისო მექანიზმი სახელმწიფოებს მეტი პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა, 2020 წლის განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირდა. კერძოდ, 2019 წელს პირობით ვადამდე 1 279 მსჯავრდებული გათავისუფლდა, ხოლო 2020 წელს მხოლოდ 830. თუმცა, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით გაიზარდა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის სტატისტიკა.

სამართლიანი სასამართლოს უფლების თავში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსამართლეთა განწესებას, საქმეთა განაწილების ელექტრონულ პროგრამას, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური გამოწვევების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილი უკიდურესი დარღვევებისა და გაუმჭვირვალობის გათვალისწინებით, არსებული ვითარება სამომავლოდ გზას უხსნის დისკუსიებს სასამართლოს სისტემაში უფრო რადიკალურ ჩარევასთან დაკავშირებით.

პანდემიით ახალმა რეგულაციებმა გავლენა მოახდინა სასამართლო სისტემასა და მისით მოსარგებლე სუბიექტების უფლებრივ მდგომარეობაზე. კვლავ პრობლემური იყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.

სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში მიმოხილული გვაქვს საქმეები, სადაც მართლმსაჯულების პროცესი არსებითი ხარვეზებით მიმდინარეობდა/მიმდინარეობს, მათ შორისაა ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე ჩატარებული გამოძიება, რომელიც უჩვეულოდ დიდი დროით გაჭიანურდა და შეუსაბამო კვალიფიკაციით წარიმართა, რამაც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალა და საბოლოოდ საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენით დასრულდა; ანგარიშში შეფასებულია გიორგი რურუას დაცვის უფლების დარღვევისა და ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტები. ასევე წარმოდგენილია ე.წ. „კარტოგრაფების საქმეში“ იდენტიფიცირებული ხარვეზები - კანონიერების პრინციპის ხელყოფის პრობლემა და მართლმსაჯულების პოლიტიკური ან სხვა მიზნებით გამოყენების რისკი.

საანგარიშო პერიოდში პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის სავარაუდო უკანონო მიყურადების, აგრეთვე ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სავარაუდო მიყურადების შემთხვევები.

“მიუხედავად სახალხო დამცველის მოთხოვნისა, კონფიდენციალური საუბრებისა და ჩანაწერების გასაჯაროების შემთხვევებზე არ მიმდინარეობს ეფექტიანი გამოძიება, რასაც საბოლოოდ დამნაშავის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორვ ანგარიშშია აღნიშნული, დახურულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გარე სამყაროსთან ეფექტიანი კომუნიკაცია. პირადი ცხოვრების ჭრილში, სახალხო დამცველს არასაკმარისად მიაჩნია პანდემიის პერიოდში პატიმართა სასარგებლოდ დაწესებული საკომპენსაციო ღონისძიებები. უცხოელი პატიმრები ფაქტობრივად ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან ეფექტიან კომუნიკაციას. ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია პრობლემურია ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებისთვისაც, რომლებსაც შეზღუდული აქვთ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა.

თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს. ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია თანასწორობის უფლების ეფექტიან რეალიზებაზე. ყველაზე მეტი დაბრკოლება ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებოდათ. 2020 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა განიხილა, საიდანაც 18% სქესის/გენდერის, 9% კი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას შეეხებოდა. 12% და 9% შეადგინა განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური შეხედულების გამო უთანასწორო მოპყრობასთან დაკავშირებით მომართვიანობის მაჩვენებელმა.

შრომითი ურთიერთობები დისკრიმინაციის მიმართ ამ საანგარიშო პერიოდშიც ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სფერო იყო. დისკრიმინაციის ფაქტები გამოვლინდა ჟურნალისტების მიმართაც. გამოწვევად რჩება სექსუალური შევიწროება, რომელიც, ძირითადად, დასაქმების ადგილას და სამედიცინო მომსახურების მიღებისას ვლინდებოდა.

საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობებია (ფემიციდი). სახალხო დამცველის ინფორმაციით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იზრდება. თუმცა 2019 წელთან შედარებით 2020 წელს არ გაზრდილა და შეიძლება ითქვას, შემცირდა ძალადობის ფაქტებზე შეტყობინებების მაჩვენებელი.

„აღნიშნული მიუთითებს, რომ პანდემიის პირობებში ქალები პირისპირ აღმოჩნდნენ მოძალადეებთან, რამაც გაზარდა ძალადობის რისკები, თუმცა შეამცირა შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 15 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ქალის მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტიდან კი ოჯახური დანაშაულის ნიშანი 17 შემთხვევაში დაფიქსირდა. კვლავ არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლის მიერ ძალადობის გაცხადების მიუხედავად, ფემიციდის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი აქვს დათმობილი ინფორმაციის თავისუფლებას. მედიის და უფლებადამცველების უფლებათა ერთგვარ გამოწვევად იქცა ასევე საჯარო ინფორმაციის პერსონალური მონაცემების შემცველობის საფუძვლით დახურვა და გასაჯაროების მიმართ არსებული საჯარო ინტერესების უგულებელყოფა. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, საქართველოში მოქმედი ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა ხარვეზიანია და საჭიროებს ძირეულ რეფორმას, რომელიც თითქმის 8 წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დამატებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ დროულად მოახდინოს „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის რატიფიცირება, რომელსაც საქართველომ კონვენციის მიღებისთანავე მოაწერა ხელი.

ანგარიშის თანახმად, 2020 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა.

„არჩევნები უკიდურესად დაძაბულ გარემოში ჩატარდა; დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები. საჯარო წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა სუბიექტებს შორის დაპირისპირების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის, ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე; ყოველივე ეს ნეგატიურად აისახა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების საჯარო ინტერესზე; საარჩევნო უფლების რეალიზაციაზე გავლენა მოახდინა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამაც.

საყურადღებოა, რომ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიულ და თავისუფალ“ არჩევნებად შეაფასა. ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და, საერთო ჯამში, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ორგანიზაციის შეფასებით, ეუთოს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც, თავის მხრივ, ამცირებდა საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტისადმი საჯარო ნდობას.

არჩევნების შემდგომ, ხელისუფლებამ საარჩევნო რეფორმის ჩატარებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. სამუშაო ჯგუფში სახალხო დამცველის აპარატიც არის ჩართული. იმედი გვაქვს, საარჩევნო რეფორმა წარმატებით დასრულდება და კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან სრულად მისადაგებული ფორმით ჩამოყალიბდება“, - წერს სახალხო დამცველი პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს