ლევან დოლიძე - შფოთვას, შეურაცხყოფას, ღალატში დადანაშაულებას ვპასუხობთ მშვიდად და საქმეზე ორიენტირებით

პოლიტიკოსს, რომელსაც მმართველი გუნდი მოიხსენიებდა როგორც სუპერმინისტრს, დღეს ბრალდებებს უყენებენ - მთავარი მიზეზი არის ის შფოთვა და ნერვიულობა, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში შეინიშნება გახარიას პოლიტიკურ აქტივობებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, გიორგი გახარიას მისამართით გაჟღერებულ კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, პარტია „ამ ნერვიულობას, შფოთვას შეურაცხყოფას, ღალატში დადანაშაულებას, მშვიდად და საქმეზე ორიენტირებით პასუხობს“.

„მათივე განცხადებებით, სუპერმინისტრობის გამო მოხდა გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრობის შემდეგ შეფასდა სუპერდონეზე მისი მოღვაწეობა და დასახელდა პარტიულ სიაში პირველ ნომრად, დღეს კი მას რაღაც ბრალდებებს უყენებენ. მთავარი მიზეზი ასეთი განცხადებებისა, არის ის შფოთვა და ნერვიულობა, რომელიც არა მხოლოდ მმართველ პარტიაში, არამედ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში შეინიშნება გახარიას პოლიტიკურ აქტივობებთან დაკავშირებით. ეს იყო მოსალოდნელი, თუმცა მისმა მასშტაბებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ამ ნერვიულობას, შფოთვას შეურაცხყოფებს, ღალატში დადანაშაულებას, ვპასუხობთ ძალიან მშვიდად და საქმეზე ორიენტირებით“, - განაცხადა დოლიძემ.

ამასთანავე, დოლიძის შეფასებით, გახარიას პოლიტიკური გუნდი დაუპირისპირდა იმ პოლიტიკურ პარადიგმას, რომელიც „აგრესიაზე, კატეგორიულობაზე, რადიკალიზმსა და ბრალდების წაყენებაზე დგას“.

„როგორც კი გახარიამ განაცხადა, რომ ის აპირებდა პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, პოლიტიკური სპექტრის პრაქტიკულად ყველა ფლანგიდან დაისვა პირველი კითხვა და ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც მის მიმართ არსებობდა, არის ის, თუ რა იქნებოდა გიორგი გახარიას სათქმელი, რას მოჰყვებოდა გახარია ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ვის დაადანაშაულებდა, როგორი იქნებოდა მისი რიტორიკა, ვის რა სახელს დაარქმევდა და ა.შ. ჩემთვის ეს იყო კიდევ ერთი გამოვლინება იმ დიდი პრობლემისა, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში დგას,“ - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება ბრიუსელში ვიზიტს და უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებს, დოლიძის შეფასებით, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის გიორგი გახარია „საინტერესო ფიგურაა“. ამასთან, დოლიძე უარყოფს ეჭვებს, რომ გახარიას მიერ ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებაში ლობისტური ჯგუფები არიან ჩართულნი.

გიორგი გახარიას პოლიტიკური ფიგურა ძალიან საინტერესოა ჩვენი საერთაშორსო პარტნიორებისთვის. გიორგი გახარიას არა მხოლოდ საქართველოში აქვს ის პოლიტიკური კაპიტალი, რასაც, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ნდობა განაპირობებს მის მიმართ, არამედ გიორგი გახარიას აქვს ძალიან მაღალი რეპუტაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის. გაჩნდა ძალიან დიდი ინტერესი გახარიას გეგმებთან დაკავშირებით და ძალიან მარტივად და ბუნებრივად მოხდა არა თუ დათანხმება, არამედ შეთანხმება იმაზე, რომ გახარიას ჰქონოდა ის შეხვედრები, რომლებიც ჰქონდა,“- განაცხადა ლევან დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო