ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე - ბავშვები საუბრობენ ისეთ ფაქტებზე, რაც უახლოვდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას - მნიშვნელოვანი იქნება ამ საქმეების კვალიფიკაცია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, გაიზარდოს.

როგორც ლომჯარიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, აღსაზრდელების მხრიდან პანსიონატის დატოვება საკმარისი არაა, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ მსუბუქი ფორმით დასჯას, არამედ წამებასთან დაახლოებულ ქმედებებს. ამასთან, ლომჯარია პროკურატურას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის აპარატს პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო საქმეების მასალებზე წვდომა ჰქონდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს სრულყოფილად და ეფექტურად. ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება საგამოძიებო მასალის გაცნობაც. ის, რომ პანსიონი დატოვონ, საკმარისი არა. ბავშვებისგანაც მომისმენია კონკრეტული სახელი და გვარები, გარკვეული ინდივიდები არიან იდენტიფიცირებულები. ეს არ იყო მხოლოდ მსუბუქი ფორმით სხეულებრივი დასჯა, ბავშვები საუბრობენ ისეთ ფაქტებზე, რაც ჩემი შეფასებით უახლოვდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. მნიშვნელოვანი იქნება ამ საქმეების კვალიფიკაცია“,- განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება დღეს მეუფე იაკობთან გამართულ შეხვედრას, როგორც ლომჯარია აცხადებს, გამოითქვა სურვილი, რომ შეიქმნას საცხოვრებელი, სადაც ის ბავშვები განთავსდებიან, ვისაც პანსიონატიდან გადასვლა არ სურთ. თუმცა, სახალხო დამცველის აზრით, პანსიონატიდან ყველა ბავშვი სხვა გარემოში უნდა გადავიდეს.

„მეუფე იაკობის მხრიდან არ ყოფილა უარყოფა იმ ფაქტისა, რომ აღზრდის ის მეთოდები, რომელიც პანსიონში არსებობდა, იყო ძალადობრივი. ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ფორმით ბავშვთა დაწესებულების არსებობა მისთვის მიუღებელია. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ ყველა იმ ბრალდებაზე, რაც ბავშვების მხრიდან იყო გამოთქმული, გამოძიება უნდა მოხდეს.

ჩემი მხრიდან, დაყენებული იყო საკითხი, რომ აუცილებელია, შეწყდეს როგორც იქ მყოფი ბავშვების, ასევე ყოფილი ბენეფიციარების მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ სხვაგვარი ზეწოლა. მე ვუთხარი მათ, რომ ეს ბავშვები მსგავს ზეწოლას განიცდიან და მნიშვნელოვანია ამ პრობლემების აღიარებით მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, რომ მშვიდად იყვნენ, არ ხორციელდებოდეს მათზე რაიმე ტიპის ზეწოლა და შეეძლოთ ამ პრობლემებზე საუბარი.

დარჩენილ 20 ბავშვთან დაკავშირებით ჩემი ხედვაა, რომ ყველა ბავშვი უნდა გადანაწილდეს ან საკუთარ ოჯახებში, ან ოჯახთან მიახლოებულ სივრცეში. ამაზე წინააღმდეგობა არ იყო, მაგრამ გამოითქვა სურვილი, რომ ადგილზე შეიქმნას საცხოვრებელი, რომ იცხოვრონ იმ ბავშვებმა, ვისაც გადასვლა არ სურთ. მაგრამ მე ვფიქრობ, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა იყოს გამოყვანილი და სხვა გარემოში უნდა გადავიდნენ“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა