ნინო ლომჯარია - ნინოწმინდის პანსიონში 2015 და 2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგი ცხადყოფდა ბავშვების ფიზიკური დასჯის შემთხვევებს და სოციალურ იზოლაციას

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 2015 და 2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგი ცხადყოფდა ბავშვების ფიზიკური დასჯის შემთხვევებს, ასევე სოციალურ იზოლაციას და მათი საჭიროებების გაუთვალისწინებლობას.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, სოციალური მუშაკი 10 თვის განმავლობაში დაწესებულებაში ვერ შედიოდა.

“ჩვენ წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ სიღარიბე არ შეიძლება გახდეს სახელმწიფო ზრუნვაში ბავშვის გადაყვანის საფუძველი, არამედ ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს ოჯახების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიმართულებით. სამწუხაროდ, 2020 წელს სახელმწიფო ზრუნავში განთავსდა 315 არასრულწლოვანი, მათი 15%-ის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის საფუძვლად არის მითითებული სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. აღნიშნული ზრდის ბავშვების ინსტიტუციებში განთავსების რისკს და ამის ნათელი მაგალითი არის ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივვ განვითარებული მოვლენები.

ჩვენ არაერთ ანგარიშში მივუთითებდით ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მდგომარეობაზე, 2015 და 2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგი ცხადყოფდა ბავშვების ფიზიკური დასჯის შემთხვევებს, ასევე სოციალურ იზოლაციას და მათი საჭიროებების გაუთვალისწინებლობას. ბოლო ვიზიტის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ სოციალური მუშაკიც კი 10 თვის განმავლობაში ვერ შედიოდა დაწესებულებაში იქ, სადაც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ბავშვები იმყოფებოდნენ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მან ასევე ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირებაზე ისაუბრა. სახალხო დამცველის მონაცემებით, 2020 წელს 887 არასრულწლოვანი სცნეს დაზარალებულად ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე და გამოიწერა 623 შეკავებელი ორდერი.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი. 2020 წელს 254 ასეთ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 268 სოციალური მუშაკი და 12 ფსიქოლოგი მუშაობს. ძალდობის მსხვერპლ ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი შესაბამის სერვისებზე და მათთვის გაწეული მხარდაჭერა არ არის ეფექტიანი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა