89-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე - რა ვქნა, რაც მოხდა, მოხდა, წუხილს გამოვთქვამ

რა ვქნა, რაც მოხდა, მოხდა, წუხილს გამოვთქვამ, - ასე უპასუხა 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე მაია განჯაევამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის შეკითხვას, რომელიც 89-ე უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა.

პარლამენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მარნეულში, 89-ე უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მსჯელობენ. სხდომაზე შეკითხვები შეეხებოდა იმას, თუ სად დაიკარგა 83 ბიულეტენი და რატომ დაფიქსირდა დისბალანსი ხმის დათვლისას.

როგორც გივი მიქანაძემ სხდომაზე განაცხადა, 89-ე უბნის ყველა კომისიის წევრი აცხადებს, რომ აღნიშნულ უბანზე დარღვევები არ ყოფილა, რეალურად კი კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა ხელი მოაწერეს ისეთ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ბიულეტენებთან მიმართებით დისბალანსი იკვეთება.

ამასთან, როგორც 89-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ მაია განჯაევამ სხდომაზე განაცხადა, საარჩევნო ოქმი მდივანმა შეადგინა, რომელსაც ხელი თავადაც მოაწერა, თუმცა ხელი არ მოუწრია ერთ-ერთ რეგისტრატორს. მიზეზი კი ისაა, რომ „მას ეგონა, საქმე დასრულდა და სახლში წავიდა“.

„რადგან მას არ შეხვდა წილისყრისას ხმის დათვლის პროცესი, ჩათვალა, რომ მისი საქმე ამოწურული იყო და სახლში წასულა“, - განაცხადა განჯაევამ და აღნიშნა, რომ „მაშინ ისე იყვნენ პროცესში გართულები, რომ ამის შესახებ არ იცოდნენ და ყურადღება არ მიუქცევიათ“.

ამასთან, მაია განჯაევამ აღნიშნა, რომ არ ახსოვს თუ რამდენი წევრი იყო კომისიაში, რაზეც გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე 11 ადამიანის ხელმოწერაა დაფიქსირებული. ამასთან, მიქანაძემ განჯაევას ჰკითხა, კომისიის წევრს აქვს თუ არა ვალდებულება, რომ ხელი მოაწეროს ოქმს, რაზეც მან უპასუხა, რომ არ იცის.

თავად მაია განჯაევამ განმარტა, რომ როდესაც უბანზე ხმები დაითვალეს, დისბალანსი არ დაფიქსირებულა.

„წმინდა წიგნს და ღმერთს ვფიცავ, რომ როდესაც იქ დავითვალეთ ხმები, იყო დაბალანსებული. მერე რა მოხდა, ზუსტად არ ვიცი. მე იმას ვაღიარებ, რომ ხელის მოწერასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი. ხმა სამჯერ დავათვლევინე...ღმერთს ვფიცავარ, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, რომ იქ ყველაფერი სწორი იყო და მერე რომ წაიღეს (ყუთი) იქ მოხდა, რაც მოხდა“, - განაცხადა მაია განჯაევამ.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი დისბალანსი დაფიქსირდა იმ უბანზე, რომელსაც განჯაევა ხელმძღვანელობდა.

„მეუბნებით, მეოთხე არჩევნებია კომისიის წევრი ვარო და ის ვერ გაგიკონტროლებიათ, კომისიის წევრი სახლში რომ წავიდა და ღმერთმა უწყის, რატომ წავიდა, თან ხელი არ მოაწერინეთ. აქ კიდევ მეუბნებით, რომ ბალანსი დაჯდაო, არადა ხელი გაქვთ დოკუმენტზე მოწერილი, რომლის თანახმად 83 დოკუმენტზე არის დისბალანსი. აცნობიერებთ თუ არა იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ პროცესთანაა დაკავშირებული, ან საერთოდ რა მიდგომაა ეს, როგორ მოხდა თქვენი გამწესება კომისიის თავმჯდომარედ, როდესაც ასეთი შეცდომები გაქვთ დაშვებული“, - განაცხადა მიქანაძემ, რაზეც მაია განჯაევამ უპასუხა: „რა ვქნა, რაც მოხდა, მოხდა, წუხილს გამოვთქვამ“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა