თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მონოკლონურ ანტისხეულებს, რომელსაც საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს, მსუბუქი მიმდინარეობის მქონე კოვიდინფიცირებულებში გამოიყენებენ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მონოკლონურ ანტისხეულებს, რომელსაც საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს, მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტებში გამოიყენებენ.

მისივე თქმით, მონოკლონური ანტისხეულები ხელს შეუშლის კორონავირუსის პროგრესირებას და დამძიმებას.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, კორონავირუსის მკურნალობაში მომავალი მონოკლონურ ანტისხეულებს ეკუთვნის.

„ჯერჯერობით ამ სამი მონოკლონური ანტისხეულიდან არცერთი არ გამოიყენება ჰისპიტალიზირებული და მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ. მიმდინარეობს ახალი მონოკლონების გამოცდა, როდესაც ჩვენ მივიღებთ მონოკლონს, რომელიც შველის მძიმე ავადმყოფებს, ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჯერჯერობით სამივე ეს მონოკლონური ანტისხეული, მათ შორის, „სოტროვიმაბი" გამოიყენება ამბულატორიულ ავადმყოფებში, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის ავადმყოფებში და მისი დანიშნულებაა ხელი შეუშალოს დაავადების პროგრესირებას და დამძიმებას",-აღნიშნავს ცერცვაძე.

ცნობისთვის, საქართველო უახლოეს პერიოდში მონოკლონურ ანტისხეულებს მიიღებს, კერძოდ, საუბარია „ბამლანივამაბის" და „ეთისივამაბის" ქვეყანაში შემოტანაზე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო უახლოეს პერიოდში მონოკლონურ ანტისხეულებს დონაციის გზით მიიღებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა.

CNN-ის ინფორმაციით, ავტორიზაცია ეხება მედიკამენტის გამოყენებას „კოვიდ 19“-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის დროს იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადების გართულების რისკის ქვეშ იმყოფებიან და არა უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებენ. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მონოკლონურმა ანტისხეულებმა შეიძლება გააუარესოს იმ ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების შედეგები, რომლებიც ჟანგბადს ან მექანიკურ ვენტილაციას საჭიროებენ. მედიკამენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ აჩვენა, რომ „სოტროვიმაბი“ ეფექტურია კორონავირუსის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური ვარიანტების წინააღმდეგაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა