დღის პირველ ნახევარში უფრო მეტი დეპუტატი იყო წარმოდგენილი და მათი მხრიდან გაჟღერდა შეკითხვები, თუმცა დღის მეორე ნახევარში უფრო მეტად საქმიანი დისკუსია იყო უწყებების წარმომადგენლებთან,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მისი მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ფიქრობს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე საინტერესო დისკუსია წარიმართება, რადგან „ეს ანგარიში ყველა აქტუალურ საკითხს ეხება”.
„მომავალ კვირაში გვექნება განხილვა პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს, უკვე სრული შემადგენლობით, ექნებათ შესაძლებლობა, დასვან შეკითხვები. ვფიქრობ, იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია იმიტომ, რომ ეს ანგარიში ფარავს ყველა იმ აქტუალურ, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებსაც, რასაც 2020 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.
რეკომენდაციების დიდი ნაწილი ტრადიციულად მიემართება შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, შემდეგ მოდის სხვა უწყებები. 20-ზე მეტ უწყებასთან გვქონდა სამუშაო ფორმატში დისკუსია“, - განაცხადა ლომჯარიამ.