„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მოამზადა ანალიტიკური დოკუმენტი - „2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საქმეები - პოლიტიკური მართლმსაჯულება და სადავო ამნისტია“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან” აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი ეყრდნობა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სხვადასხვა ანალიტიკურ დოკუმენტებს, სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშებს, საჯარო წყაროებში არსებულ მასალას და სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შესახებ. ამასთან, კვლევის პროცესში შესწავლილია საქმეებში არსებული ბრალდების შესახებ დადგენილებები, დაცვისა და ბრალდების მხარეების შუამდგომლობები, სასამართლოების მიერ მიღებული განჩინებები, შუალედური გადაწყვეტილებები, განაჩენები/გადაწყვეტილებები.

2019 წლის 20-21 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქციის პოლიციის ძალით დაშლისას ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიება ორმა საგამოძიებო უწყებამ პარალელურად დაიწყო. კერძოდ, აქციის მონაწილეების მხრიდან სავარაუდო ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მიზნით, სამართალწარმოება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან აქციის დაშლისას უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო შემთხვევებზე - საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე დაწყებული სამართალწარმოება მიუთითებს ხელისუფლების ანგარიშსწორების მცდელობას პროტესტის მონაწილეთა მიმართ, რომელთა გარკვეულმა ნაწილმა სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ამ მხრივ, ნიშანდობლივია აქციის მონაწილეთა მიმართ მასობრივად გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების მაღალი მაჩვენებელი და შემდგომ მათ წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების ხანგრძლივობა, საპროცესო შეთანხმებების დადების პრაქტიკა, ზოგიერთ საქმეზე კი - გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. საგამოძიებო ორგანოების მიერ გადადგმული ნაბიჯები დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის ზოგიერთ საქმეში ცხადლივ ტოვებს ბრალდებულთა უარყოფით კონტექსტში მიზანმიმართულად წარმოჩენის განცდას.

დღემდე მწვავეა 20-21 ივნისის მოვლენებზე გონივრულ ვადებში ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების წარმართვის, აქციის დაშლის დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირებისა და ინდივიდუალური პოლიციელების დანაშაულებრივი ქმედებების გამოკვეთის და სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრების პრობლემები. ამასთან, გამოძიება მხოლოდ პოლიციის რიგით თანამშრომლებზე ფოკუსირდება და არ არის მიმართული პოლიციის ხელმძღვანელთა - ბრძანების გამცემ პირთა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისაკენ.

20-21 ივნისის მოვლენების ირგვლივ საქმეების შესწავლისას იდენტიფიცირებული ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, პოლიციელების მხრიდან გამოვლენილი კანონდარღვევები და სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკა აჩენს არაერთ კითხვას სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომასა და კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების მიზანმიმართულად წარმოების თაობაზე, რაც სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის ნაცვლად, დემონსტრანტების დასჯის სურვილსა და მათ დაპატიმრებაში გამოიხატება. ამას ცხადყოფს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი კომპრომისული დოკუმენტიც, რომლის ერთ-ერთი საგანი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა.

შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პოზიციაა, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით, რასაც ადგილი ჰქონდა 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს.

2020 წლიდან „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საერთო სასამართლოებში მიმდინარე სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების პროცესებს პროექტის - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“ ფარგლებში აკვირდება.

პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა