დავით ზალკალიანი - მზად ვართ, ტრიოს ფორმატში: საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი  ვიმუშაოთ რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მოსაზრებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონი უდიდესი პოტენციალის მატარებელია გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, სამხრეთ კავკასიის საკითხზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოსთვის უპირობო პრიორიტეტია.

"ჩვენ ერთმანეთისკენ უნდა გავიხედოთ და რეგიონალური თანამშრომლობა გავაძლიეროთ, რაც საქართველოსთვის უპირობო პრიორიტეტია. ჩვენ განსაკუთრებით წარმატებული თანამშრომლობა გაგვაჩნია აზერბაიჯანთან, ის სტრატეგიული პარტნიორია, ისევე როგორც თურქეთი. ისტორიულად მეგობრულ და ახლო ურთიერთობები გვაქვს სომხეთთან, სადაც ძალიან დიდი პოტენციალია. აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან კარგი პრაქტიკული მაგალითები გაგვაჩნია, საუბარია, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე, ბაქო-თბილისი-ერზერუმზე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტსა და სამხრეთ კასპიის გაზსადენზე, ასევე ტრანსანატოლიურ და ტრანსადრიატიკულ ნავთობსადენებზე. ეს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის დემონსტრაციაა. სწორედ ამიტომ გვინდა მივიტანოთ ჩვენი ეს გზავნილი ყველა ჩვენ მეზობლამდე და განვუცხადოთ ჩვენს სომეხ კოლეგებს, რომ, მზად ვართ, ტრიოს ფორმატში - საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი - ვიმუშაოთ რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეიწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, სატრანსპორტო დაკავშირებას, კასპიისა და შავი ზღვების პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, აღნიშნულ ფორმატში, რომელშიც ჰუმანიტარული განზომილებაც მოიაზრება, შესაძლებელია ისეთი დიდი პარტნიორებისა და მოთამაშეების ჩართვაც, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და თურქეთი, რაც ზემოხსენებული პროექტების განვითარებაში დაგვეხმარება.

"რეგიონში კავშირების გაღრმავებისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გარეშე ვერ მოხერხდება სტაბილური გარემოს შექმნა. ხოლო სტაბილურობის გარეშე შეუძლებელი იქნება განვითარებასა და კეთილდღეობაზე საუბარი. ასე რომ, ჩვენი მხრიდან, ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენი შეზღუდული რესურსების პირობებშიც აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. ამის კარგი მაგალითია საქართველოს პრემიერ- მინისტრისა და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ფასილიტაციით მიღწეული ჰუმანიტარული შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ტყვეთა გათავისუფლებასა და დანაღმული ტერიტორიების რუკების გაცვლას გულისხმობდა, რაც ასევე იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ბევრის გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ, ეს აღნიშნული პროცესის კარგი დასაწყისია“, - განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა