მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შესრულებულია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განმარტებით, შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები მოსამართლეების დანიშვნის პროცესის მიმართულებით შესრულებულია. ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას. მდინარაძის განმარტებით, პირობა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ უნდა განახლებულიყო, იქამდე სანამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შესრულდებოდა, შესრულებულია, შესაბამისად, მმართველი პარტია კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს.

„შარლ მიშელის შთანხმებაში წერია, რომ უნდა გაჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იქამდე, სანამ არსებული წესი არ შეიცვლებოდა, ეს შეეხება როგორც მოსამართლეთა დანიშვნასა და კენჭისყრის ღიაობას, ასევე დასაბუთებას, ქულათა სისტემას და ასევე საუბარი იყო ამ შეთანხმებაში, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ეს პუნქტები, რაც გაწერილი იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში, პრაქტიკულად პარალელურ რეჟიმში არის შესრულებული. დანიშვნები მას შემდეგ განახლდა, რაც ეს წესი უკვე დახვეწილი და შეტანილი იქნა კანონმდებლობაში და უკვე მას შემდეგ მიეცათ მოსამართლეობის მსურველებს საშუალება, რომ მიეღოთ მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული, ეს იყო პირობა - სანამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შესრულდებოდა, მანამდე არ უნდა განახლებულიყო დანიშვნის პროცესი და მართლაც ასე მოხდა. ჩვენ, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად,“- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც მისი თქმით, ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება.

კელი დეგნანის შეფასებით, ახლა გამოჩნდება, პარლამენტი, მმართველი ძალა და ოპოზიცია რეალურად ერთგულნი არიან თუ არა იმ ვალდებულებების შესრულების, რომელზეც ისინი 19 აპრილს შეთანხმდნენ. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, ეს წარმოშობს კითხვებს 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო