ვახტანგ კალოიანი - ვაქცინების არარსებობის ფონზე შეზღუდვების შემსუბუქება პოლიტიკანური გადაწყვეტილებაა - ხელისუფლება საკუთარ შეცდომებზეც კი ვერაფერს სწავლობს

„ევროპული საქართველოს“ მდივანი ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანი შეზღუდვების შემსუბუქებას აფასებს და აღნიშნავს, რომ „ვაქცინების არარსებობის ფონზე შეზღუდვების შემსუბუქება პოლიტიკანური გადაწყვეტილებაა, რომელსაც საერთო არ აქვს მედიცინასთან“.

როგორც კალოიანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, მნიშვნელოვანია შეზღუდვები მაშინ მოხსნილიყო, როდესაც მოსახლეობის თუნდაც მინიმალური რაოდენობა აიცრებოდა.

„ვაქცინაციის არარსებობის ფონზე, ეს არის პოლიტიკანური გადაწყვეტილება, რომელსაც საერთო არ აქვს მეცნიერებასთან და მედიცინასთან. მინდა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პატივისცემა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, რომელმაც არ თქვა უარი პროფესიულ პატიოსნებაზე, ხელისუფლებას ბოლომდე ურჩევდა, რომ არ მიეღო ეს არასერიოზული გადაწყვეტილება, ჩავარდნილი ვაქცინაციის ფონზე.

ჩვენ იგივე შეცდომას ვიმეორებთ, რაც ჩავიდინეთ შარშან ზაფხულს. სამწუხაროდ, ხელისუფლება საკუთარ შეცდომებზეც კი ვერაფერს სწავლობს. ეს არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც დარწმუნებული ვარ, უკვალოდ არ ჩაივლის, ისინი ამისთვის პასუხს აგებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილიყო მხოლოდ ვაქცინაციის თუნდაც, მინიმალური რაოდენობის გაკეთების შემდეგ, ამიტომაც ჩავარდნილმა ვაქცინაციამ ძალიან დიდი დაღი დაასვა ამ ყველაფერს”, - აღნიშნავს კალოიანი.

რაც შეეხება ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტს, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, როგორც კალოიანი აცხადებს, სახეზეა „დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის ფაქტი“.

„ეს ამ ხელისუფლების უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია. დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის ფაქტი სახეზეა - ქვეყანა დარჩა ვაქცინების გარეშე! ადამიანები განმეორებითი ვაქცინების გარეშე დარჩნენ. იმდენად უსინდისოდ ორგანიზებულია ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ამის კომენტირებაც კი შეუძლებელია. ჩვენ არ გვჭირდება მათი სატელევიზიო კომენტარები, ეს ფაქტორები უნდა გაეთვალისწინებინათ, უნდა დაეგეგმათ და არ შეექმნათ ეს პრობლემა. ხელფასს ამაში იღებენ და არა სატელევიზიო კომენტარებში. ამ ფაქტორების ჩამონათვალი დიდი ხანია, რაც ცნობილია, სამწუხაროდ, ეს ვერ გაითვალისწინეს“, - აღნიშნავს კალოიანი.

ცნობისთვის, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 1-ელი ივლისიდან გაუქმდება. ამასთან, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00 საათამდე. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება.

რაც შეეხება, „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან. მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი ძირითადად შეიქმნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა