დავით სერგეენკო - ვისაც განმეორებით ვაქცინაციაზე ხარვეზი შეექმნა, მათი ჯავშანი გადავიდა დღევანდელ და ხვალინდელ დღეებზე - არის თემები, რომლებიც არ შეიძლება გამოიყენოთ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო პლენარულ სხდომაზე იმ კოლეგებს გამოეხმაურა, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ვაქცინაციის შეფერხების თაობაზე მოსაზრებები გამოთქვეს.

ვიცე-სპიკერმა ერთ-ერთ კლინიკაში შეფერხების მიზეზები განმარტა.

„არ არის ეს შეღავათი, მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ, 2541 ადამიანს, ვისაც ხარვეზი შეექმნა განმეორებით ვაქცინაციაზე, გააგებინეს წინასწარ და მათი ჯავშანი გადავიდა დღევანდელ და ხვალინდელ დღეებზე. გუშინ გამოვიდა მინისტრი და ბოდიში მოიხადა ამის შესახებ, დღეს გამოვიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი და ძალიან დეტალური ინსტრუქცია - მოხსენება გააკეთა ამის თაობაზე. ეს ომია, საუკუნეში ერთხელ ხდება ასეთი რამე და გთხოვთ, რომ დაანებეთ თავი ამ საკითხის პოლიტიზირებას“, -განაცხადა დავით სერგეენკომ.

ობიექტური სურათის დასანახად, სერგეენკომ კოლეგებს ერთი დღე-ღამით კლინიკაში ან ლოჯისტიკის სამსახურის სადისპეჩეროებში მორიგეობა შესთავაზა.

„გულწრფელად მჯერა, რომ იქ გატარებული ნახევარი დღის მერე სხვა თვალით დაინახავთ ამ ყველაფერს და მნიშვნელოვნად შეგეცვლებათ შეხედულება“, - აღნიშნა დეპუტატმა და ყურადღება ინტენსიური ვაქცინაციის პროცესზე გაამახვილა.

„როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ვაქცინის 1 მილიონ დოზას ველოდებით და ივლისის განმავლობაში ჯამურად 3 მლნ 200 ათას დოზა შემოვა. ეს მართლა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ნელა მიმდინარე პროცესი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაჩქარდეს და მაქსიმალურად შევძლოთ ამ შეზღუდვების ბოლომდე მოხსნა, და რაც მთავარია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა. გავიმეორებ, რომ არის თემები, რომლებიც არ შეიძლება გამოიყენოთ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს