კახა კახიშვილი - ელჩების პოზიცია გასათვალისწინებელია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და უნდა მივიღოთ ხალხისთვის მისაღები გადაწყვეტილება

თუ მხოლოდ ელჩების პოზიციას გავითვალისწინებთ, რაღად გვინდა მაშინ პარლამენტი ან მთავრობა? - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ კითხვას, რომელიც აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიერ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, სასამართლო, რომელიც იქნება რომელიმე ელჩის ან ხელისუფლების ნების აღმსრულებელი, ვერ იქნება დამოუკიდებელი.

ამასთან, კახიშვილის თქმით, ელჩების პოზიცია გასათვალისწინებელია, მაგრამ ამავდროულად ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და უნდა მივიღოთ ხალხისთვის მისაღები გადაწყვეტილება.

„ერთია, რომ ელჩმა შეიძლება საკუთარი რეკომენდაცია წარუდგინოს საზოგადოებას და მმართველ გუნდს, მეორეა, როდესაც ისეა აღქმული ეს რეკომენდაცია, რომ ამას თუ არ გააკეთებთ, მერე სხვანაირად დაგელაპარაკებით. მე არ ვფიქრობ, რომ ის თავს უფლებას აძლევს ასეთი ტონალობით ელაპარაკოს დამოუკიდებელ ქვეყანას და მის მმართველ გუნდს. ნებისმიერი ელჩის და მით უმეტეს, სტრატეგიული ქვეყნის ელჩის აზრი დასაფასებელია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც მისაღები იქნება. მე არ მგონია, რომ ახლა მან იკადრა და თითები გვიქნია. ეს იყო მისი მოსაზრება კონკრეტულ დოკუმენტთან დაკავშირებით. თუ მხოლოდ ელჩების პოზიციას გავითვალისწინებთ, რაღად გვინდა მაშინ პარლამენტი ან მთავრობა? თქვან რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში. ასე არ უდგებიან ელჩები საკითხს. ელჩები ამბობენ საკუთარ პოზიციას, უბრალოდ, საზოგადოებაშია აღქმა, რომ რადგან თქვა, უნდა გაკეთდეს! ეს ასე არ არის! ეს არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია. ფაქტია, რომ ისინი ნაკლოვანებას ხედავენ სასამართლო ხელისუფლებაში, მაგრამ ამას ჩვენც ვხედავთ“, - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანა არა რეკომენდაციას, არამედ კანონს უნდა მიყვეს.

„ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო. სასამართლო, რომელიც რომელიმე ელჩის ან ხელისუფლების ნების აღმსრულებელი იქნება, დამოუკიდებელი ვერ იქნება. მე მოსამართლეების ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ თუ ამ მოსამართლეებს ვაწინაურებთ და ვეუბნებით, რომ თუ კარგად იმუშავებ - დაგაწინაურებ, თუ არადა, სასამართლოდან გაგაგდებ, მაგრამ ახლა ვეუბნებით, რომ კარგად იმუშავებ თუ ცუდად, იქნები ამ სამსახურში დაწინაურების გარეშე, ეს არ არის სწორი მიდგომა. უკლავ ამ ადამიანს განცდას კანონზე დაფუძნებული საქმეები აკეთოს. სიტყვა „კლანი“ დაამკვიდრეს ადამიანებმა, რომლებიც 2012 წელს ამბრაზურასავით გადაეფარნენ ამ სასამართლოს”, - განაცხადა კახიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვიდრე სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმები არ განხორციელდება და აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გაიმართება, მოსამართლეების დანიშვნა დროებით უნდა შეჩერდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ეს არის აღნიშნული 19 აპრილის შეთანხმებაში, რაზეც პოლიტიკურმა პარტიებმა ვალდებულება აიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო