ვატო სურგულაძე - ვაქცინების გარეშე დაგვტოვა „კრიზის მენეჯერის“, ჯანდაცვის სამინისტოს სიზარმაცემ და უპასუხისმგებლობამ - რისკების გათვლაა მენეჯმენტი და თუ ეს არ შეგიძლია, ბოდიში უნდა მოიხადო და წახვიდე

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ვატო სურგულაძის შეფასებით, რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, თუ ქვეყანა კონტროლს არ გაამკაცრებს, შესაძლოა, იგივე სცენარი დაფიქსირდეს, რაც საქართველოში 2020 წლის აგვისტოში იყო.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ცალკეული შეზღუდვის მოხსნაზე საუბრისას განაცხადა, თავის დროზე, ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებას აზრი არ ჰქონდა და მისი მოხსნა სწორი გადაწყვეტილებაა.

„თუ არ გავამკაცრებთ კონტროლს, მივიღებთ წინა წელს, რაც ძალიან არ მინდა. თუ გინდა სხვა შედეგი მიიღო, სისტემა უნდა შეცვალო. თუ ისევ იგივე ხალხი მართავს, არ გამოვრიცხავ, ანალოგიური შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა სურგულაძემ.

მან ორსულებს და მძიმე დაავადების მქონე ადამიანებს ურჩია, პირბადე გარე სივრცეშიც ატარონ.

„უვაქცინობამ და მენეჯმენტის სრულმა ჩავარდნამ გამოიწვია ის, რომ ადვილად მოიხსნა „კომენდანტის საათი“. საერთოდ, რატომ შემოიღეს? „კომენდანტის საათს“ არავითარი შედეგი არ ჰქონდა, ხალხი მაინც იკრიბებოდა, ქირაობდნენ სახლებს.

რაც შეეხება გარე სივრცეში ნიღბების მოხსნას, ამ საკითხს ცოტა სხვაგვარად შევხედავ. გასაგებია, რომ ცხელა, მაგრამ მაინც ვურჩევ, რომ მძიმე დაავადებით დასნეულებულმა პირებმა, ფეხმძიმე ქალბატონებმა ატარონ ნიღაბი გარეთ. შენობის შიგნით პირბადის ტარება აუცილებელი უნდა იყოს და ამას კონტროლი სჭირდება. მაგალითად, რესტორნების შემთხვევაში იარონ სახელმწიფო სტრუქტურებმა, პოლიცია მარტო იმისთვის არ არის, რომ მიტინგები დაშალოს. შევიდნენ და თუ დარღვევა იქნება, გააფთხილონ, მორიგ დარღვევაზე დააჯარიმოს და მესამე დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულება დახურონ.

ნიღბებთან დაკავშირებით შეიძლება იმ რისკის წინაშე დავდგეთ, რომ განმეორდეს აჭარა 2020, რაც იმ წელს მოხდა“, - განაცხადა სურგულაძემ.

მისი შეფასებით, სარისკოა ასევე რუსი ტურისტების ქვეყანაში შემოდინება, რადგან მოსკოვში ჯერ კიდევ ეპიდაფეთქებაა.

„ძალიან სერიოზული კონტროლია საჭირო რუსეთის საზღვარზე. დანიამ ფეხბურთის 100 თუ 200 გულშემტკივარი არ შეუშვა კოპენჰაგენში რუსეთიდან. რუსეთი „წითელი ზონაა“ და ჩვენთვის ის ასეთი ზონა უნდა იყოს. იქედან შემოსული ადამიანი სერიოზულად უნდა იყოს შემოწმებული და მკაცრი კონტროლი დაწესდეს“, - განაცხადა სურგულაძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მისი შეფასებით, ხელისუფლებას ვაქცინაციის გეგმა არ გააჩნია.

„ვაქცინების გარეშე დაგვტოვა „კრიზის მენეჯერის“, ჯანდაცვის სამინისტოს დაუდევრობამ, სიზარმაცემ და უპასუხისმგებლობამ“, - განაცხადა სურგულაძემ.

მისი შეფასებით, სიტუაცია ჯერ კიდევ უკონტროლოა და არ ვიცით, ქვეყანაში რომელი ვაქცინა ჩამოვა.

„თუ პოლიტიკური ნება არ იქნება, ასევე მუდმივი კონტროლი და მხარდაჭერა, რამდენი კონსულტანტიც გინდათ ჩამოიყვანეთ, რა უნდა გააკეთოს, თუ არ იქნება პოლიტიკური ნება და ვერ მივხვდებით, რომ ომი გვაქვს, ამ ომში ვირუსთან ომი უნდა მოვიგოთ. პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო, გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნებოდა, პოლიტიკური ნებაც არ არის. „კომენდანტის საათი“ რომ იყო, ღამის კლუბები, კაზინოები მუშაობდა და დაბადების დღეებსაც იხდიდნენ. ამიტომ, საჭიროა ყველასთვის ერთნაირი წესი და მუდმივი კონტროლი. თუ მე უნდა ვატარო ნიღაბი, სხვამაც ატაროს“,-განაცხადა სურგულაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ეპიდვითარებას ვერ მართავს.

„რისკების გათვლა არის მენეჯმენტი და თუ არ შეგიძლია, უნდა წახვიდე. ეს ხალხი, ვინც ახლა ჯანდაცვას მართავს, ვერაფერს გააკეთებს. ოდნავ ვაჟკაცობა, კაცობა და ადამიანობა ეყოთ, თქვან არ გამოგვივიდა, ბოდიში მოიხადონ და წავიდნენ“, - განაცხადა სურგულაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო