მიხეილ ჩხენკელი - საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისტორიული სიმართლის დაცვა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების გაანალიზება საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში მსოფლიოში უკვე არსებული გამოცდილების გაცნობა-გაზიარების გზით.

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და სამინისტროს მხრიდან გადადგმულ იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შესწავლას ემსახურება.

„საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედია. არსებული ოკუპაციის პერიოდში მეცნიერება და სამეცნიერო კვლევები საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერება ისტორიული სიმართლისა და ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად მივმართოთ.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრო ხელს უწყობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების განვითარებას, მათ დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან, ახალი იდეებისა და ფაქტების შესწავლას, კვლევის შედეგების გავრცელებას, სხვადასხვა თაობის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებასა და კვლევის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში“, - განაცხადა განათლების და მეცნიერების მინისტრმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ აღნიშნულ მიზნებს ემსახურება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გამოცხადებული „ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი“ და ასევე, „საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსი“. ამ კონკურსების გამარჯვებული პროექტების ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია მომზადდა.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ 2021 წელს პირველად გამოცხადდა კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსიც, რომლის მიზანია სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობის გზით საქართველო კვლავ გახდეს კავკასიის რეგიონის სამეცნიერო ცენტრი.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია სწორედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის წამყვანი ორგანიზაციაა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. პარტნიორი ორგანიზაციები კი არიან: კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაალ აბაშიძემ, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი ჭეიშვილმა, UNESCO-ს წარმომადგენლებმა, უცხოელმა და ქართველმა მეცნიერებმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა