ბადრი ჯაფარიძე - ახალი რეზოლუცია მზადდება, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს მიშელის დოკუმენტის სრულფასოვანი განხორციელების აუცილებლობაზე - ავტორები არიან სენატორები

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „კლანის“ წევრი მოსამართლეების მიმართ, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით პერსონალური სანქციები დაწესდეს.

ამის შესახებ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მოსამართლეებისთვის სანქციების შესაძლო დაწესება შარლ მიშელის დოკუმენტისგან დამოუკიდებლად განხორციელდება, რადგან ანალოგიური პრეცედენტები იყო და ეფექტურად მუშაობს.

„ახლა ახალი რეზოლუცია მზადდება, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს შარლ მიშელის დოკუმენტის სრულფასოვანი განხორციელების აუცილებლობაზე. გასაჯაროვდება რეზოლუცია ძალიან მალე, კომიტეტი გაიარა და სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ავტორები არიან სენატორები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილები არიან - სენატორი შაჰინი, სენატორი რიში... ორივე პარტიის - რესპუბლიკელების და დემოკრატების მხარდაჭერა აქვს ქვეყანას. შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პრიორიტეტად არის დასმული. რაც შეეხება სანქციებს, ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა სენატში სანქციებთან დაკავშირებით. გაგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ბულგარეთის მიმართ იყო განხორციელებული სანქციები კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ სასამართლოს კონტროლის მცდელობაში, ან კორუფციულ გარიგებებში.

ვფიქრობ, დრო არის განხილულ იქნეს სანქციების შემოღება იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც ითვლებიან „კლანის“ წევრებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ეს საკითხი ყურადღებით იქნა მოსმენილი და სერიოზულად იქნება განხილული, როგორც შესაძლო ნაბიჯი, რაც აუცილებლად მოგვიტანს ეფექტურ შედეგს, რომ იგრძნონ „კლანის“ წევრებმა, ისინი დაუსჯელები არ დარჩებიან! ამიტომ უახლოეს დღეებში გააქტიურდება მსჯელობა შესაძლო სანქციებზე იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც ითვლებიან „კლანის“ წევრებად და ხელს უშლიან სასამართლოში რეფორმის განხორციელებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ის კონკრეტული მოსამართლეების გვარებს ვერ დაასახელებს, თუმცა თქვა, რომ შეერთებული შტატები სრულად არის ინფორმირებული თუ ვინ არიან „კლანის“ წევრები.

„თუ გაგრძელდა დესტრუქციული ქმედება „კლანის“ მხრიდან, რომ როგორმე, მიუხედავად არსებული შეთანხმებისა, ჩააცემენტოს თავისი გავლენა სასამართლო სისტემაში, აუცილებლად იქნება სანქციები შემოღებული მათ მიმართ!“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სანქციების, როგორც გამაფრთხილებელი მექანიზმის შესახებ, ახალ რეზოლუციაში არ ჩაიწერება.

„რეზოლუციაში იქნება მოწოდება შარლ მიშელის დოკუმენტის სრულფასოვანი განხორციელებისკენ და მართლმსაჯულების რეფორმისკენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, „ლელოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის შესაძლო პერსონალური სანქციების დაწესება პოლიტიკოსებისთვის ამ ეტაპზე არ განიხილება.

„საუბარია დოკუმენტის განხორციელებაზე. ალბათ, დაელოდებიან ჩვენი პარტნიორები როგორ იმოქმედებენ პოლიტიკოსები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს