ნინო ბურჯანაძე - უზრდელობაში ნუ გადავა ვაშაძე - დედის წინ მორბენალი კვიცის ამბავი ხომ იცით?! უფროსების წინ მორბენალ ოპოზიციონერებსაც ეგრე არ დაემართოთ

დედის წინ მორბენალი კვიცის ამბავი ხომ იცით?! უფროსებზე მორბენალ ოპოზიციონერებსაც ეგრე არ დაემართოთ, ან­ მგელმა შეჭამოს ან მგლის ფერმა ძაღლმა , - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეზე საუბრისას ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაშაძე თუ ასე გააგრძელებს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე სახარბიელო შედეგი არ ექნება და „შევხედავთ რამდენს აიღებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე“.

„მე არ მესმის მაგალითად, ვაშაძე რატომ უჭერს მხარს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტს. აგერ, შევხედავთ რამდენს აიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ასე თუ გააგრძელებს. ის იმაშიც იყო დარწმუნებული, რომ 43% სწორი იყო და შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა კრიზისს განმუხტავდა, მაგრამ განიმუხტა კრიზისი? - ძალიან უცნაურია, ბატონი ვაშაძის განცხადებები“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40 %-იანი ბარიერის შემოღებასთან დაკავშირებით ვაშაძის განცხადებას, რომ ამაზე ჯერ კიდევ დეკემბერში იყო საუბარი და სჯობს, ვისაც არ ახსოვს, მეხსიერების გასაუმჯობესებელი მედიკამენტები დალიოს, ბურჯანაძემ ვაშაძეს ურჩია, "უზრდელობაში ნუ გადავა".

„40 %- ის შესახებ ჩანაწერი მეტ საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, რომ თუ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი არ იქნება, კიდევ მეტი გარანტია აიღოს, რომ თავის კანდიდატებს გაიყვანს. ასევე, ზრდის მეორე ტურების ალბათობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურებში კვლავ ხელისუფლებას ექნება სერიოზული უპირატესობა, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, თვითონ საკითხის ასე დასმა, რომ თურმე ეს ოპოზიციის თხოვნა ყოფილა და ირაკლი კობახიძე ამას დიდსულოვნად დათანხმებია, ბოდიში, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უთხოვია, „ლელო“ ამბობს, რომ არ უთხოვია, არასაპარლამენტო ოპოზიცია კატეგორიული წინააღმდეგია და ელისაშვილი და ვაშაძე თუ არიან მხოლოდ მომხრეები, მაშინ განაცხადოს ვაშაძემ, რომ მისი და ელისაშვილის პოზიცია ემთხვევა ერთმანეთს და ოპოზიციის სახელით ნუღარ ლაპარაკობს.

უზრდელობაში ნუ გადავა ვაშაძე. ახალგაზრდა კაცია და ნამდვილად არ მინდა ახლა ამაზე მეტი ვთქვა. ძალიან ბევრი წინადადება იდო მაგიდაზე, მაგრამ როცა ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, ეს ნიშნავს, რომ არავინ ეთანხმებოდა. იმდენ რამეს ამოვიღებ, რაც მაგიდაზე იდო ან რაც კანონპროექტებში იდო, მაგრამ რაც ოდესმე სადმე დაწერილა იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია ეთანხმება? - ზრდილობა ძალიან კარგი საქონელია, მითუმეტეს, როდესაც ის ახალგაზრდაა და ოპოზიციაში მასზე უფროსები არიან, მაგრამ მასზე უფროსებს მეხსიერების პრობლემა კი არა გვაქვს, ცოტა ვერიდებით ახალგაზრდების გულის ტკენას და მათზე მეტი გამოცდილება გვაქვს. დედის წინ მორბენალი კვიცის ამბავი ხომ იცით?! უფროსების წინ მორბენალ ოპოზიციონერებსაც ეგრე არ დაემართოთ, ან მგელმა შეჭამოს და ან მგლის ფერმა ძაღლმა.

ასე რომ, „ევროპელ სოციალისტებთან“ და ელისაშვილთან ერთ ბანაკში ყოფნა ვისაც უნდა, ღმერთმა მოახმაროს...

ვაშაძეს ალბათ, ჰგონია, რომ, 10%-ს ან 15%-ს აიღებს და ლამის პრემიერი იქნება, მაგრამ არ იქნება ასე მარტივად. კრიტიკულად უნდა შეხედოს თავის ნაბიჯებს და განცხადებებს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მანვე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, საკუთარ ხალხს.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის დღეს პრემიერ-მინისტრი. იმიტომ რომ ხელისუფლება, მთავრობა აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, საკუთარ ხალხს. ხალხი ცხოვრობს ერთ განზომილებაში, ხელისუფლება მეორეში. კარგ საქართველოს ხედავთ?! კარგად ცხოვრობს ჩვენი ხალხი?! 22%-ია ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა?! საერთოდ სხვაგანაა პრემიერი. ღარიბაშვილი ლაპარაკობს, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბდაო, რას ბოდავენ მართლა! რა საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბი?! 10 000 ბავშვი ან საერთოდ ანებებს სკოლას თავს, ან საერთოდ არ დადის. მე უკვე განვაცხადეო, რომ საქართველო ყველა პარამეტრით მზადაა გახდეს ნატოს წევრიო. ღარიბაშვილმა თუ განაცხადა რაღა გვიჭირს, აბა ხვალ მიგვიღებენ...

იცით რა მაინტერესებს, წინა წელს წარმატებებს მივაღწიეთო ხომ?! ვინ იყო წინა წელს პრემიერ-მინისტრი?! ვერ გავიგე გახარია მოღალატეა, უმაქნისია, თუ ადამიანი რომელიც ისე ატარებდა ოპერაციებს, გული უკანკალებდათ. ეგეთი ბრიყვი ხელისუფლება, უბრალოდ, როგორ უნდა იყო. ან, ერთი, ან მეორე თქვი... თუ ასეთი უხერხემლო იქნება ოპოზიცია, მაშინ რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ძალიან დიდხანს დარჩება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს