ხათუნა სამნიძე “საარჩევნო კოდექსზე“ - არ მესმის, რატომ არ დაუჭირა მხარი „ლელომ“, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მესმის

საარჩევნო რეფორმაში სისტემურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩაიდო - არ მესმის რატომ არ დაუჭირა კანონპროექტს მხარი „ლელომ“. „ნაციონალური მოძრაობისგან“ ეს მესმის, რადგან ისინი შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერები არ არიან და არც ვალდებულება ჰქონდათ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმაში შეტანილი ცვლილებებით ხელისუფლებას მცირე შესაძლებლობა რჩება, რომ არჩევნები გააყალბოს.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღეთ. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული ცვლილებები. შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული ცვლილებები, რომელსაც ძალიან ბევრი დრო და მოლაპარაკება დასჭირდა მრავალპარტიულ ფორმატში, აისახა ამ ცვლილებებში. ცვლილებებზე მრავალპარტიულ ფორმატში მუშაობდა ხელისუფლება და ოპოზიცია და ვფიქრობ, მიუხედავად ნაკლოვანებისა, რომელიც არის ამ კანონპროექტში, სისტემურად იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩაიდო და ამას მოჰყვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ გვექნება 2% ბარიერი და სრულად პროპორციული სისტემა, და ეს ყველაფერი ქმნის გარემოს საიმისოდ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია მაქსიმალურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ხელისუფლებას, რაც შეიძლება მცირე შესაძლებლობა რჩება იმისთვის, რომ გააყალბოს არჩევნები. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს კანონპროექტი მივიღეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხელმომწერმა პარტიამ ხმა მისცა ამ ცვლილებას და ჩემთვის არ არის მთლად გასაგები, რატომ არ დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს ფრაქცია „ლელომ“, რომელიც ასევე ხელმომწერია და მუშაობდა ყველა ეტაპზე განსაკუთრებული აქტიურობით და პროფესიონალიზმით სწორედ ამ ცვლილებების შემუშავების დროს. არ ვიცი, არ მესმის რატომ არ დაუჭირა მხარი „ლელომ“ საბოლოო ჯამში. „ნაციონალური მოძრაობისგან“ ეს მესმის იმიტომ, რომ ისინი ხელმომწერები არ არიან შარლ მიშელის დოკუმენტის და არც ვალდებულება ჰქონდათ, რომ ამ პროცესში ჩართულიყვნენ და მხარი დაეჭირათ“, - განაცხადა სამნიძემ.

პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო რეფორმას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის სამმა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ესენი არიან: პარლამენტის უფრაქციო წევრი თაკო ჩარკვიანი, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე.

საპარლამენტო ოპოზიციიდან ფრაქციამ “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ და ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა