ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძე მეუფე შიოს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოში მეუფე შიოს შევხდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება იყო. მხარეებმა დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის განხორციელებასა და ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანის პროცესებზე ისაუბრეს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის და დეინსტიტუციონალიზაცის პროცესის განხორციელებისთვის გარდამავალი პერიოდში თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია.

მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ დაწყებულია დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება. სააგენტოს დაგეგმილი აქვს და ავითარებს ბავშვთა ზრუნვის სხვადასხვა სერვისებსაც.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოციალური მუშაობის დახვეწასა და ბენეფიციარებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის მიწოდებასაც.

მინისტრის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონატში ადგილზე ბავშვებთან მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით გაგრძელდება, რათა მათი შემდგომი განვითარებისათვის, შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა სწორად იყოს შერჩეული.

„გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, რათა ბავშვთა სახლებთან მიმართებაში სამომავლო გეგმები განვსაზღვროთ. განვიხილეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება, რათა მსგავსი პრობლემები მომავალში აღარ განმეორდეს. ბავშვების ინტერესები სრულად უნდა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია ბავშვების გადაყვანა მცირე ზომის ბავშვთა სახლებსა და საკუთარ ოჯახებში. ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე.

ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ სოციალური მუშაკის, ასევე ფსიქოლოგის მუშაობას. ამ ეტაპისთვის გარანტირებულად უზრუნველყოფილი გვაქვს ბავშვთა უსაფრთხოება“,– განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გარდა ამისა, ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობაც იგეგმება. პატრიარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ბავშვთა სახლები საერთაშორისო მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

„ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, ახალი ბავშვთა სახლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა სახლები საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა ბევრ კომპონენტს, რაც შეიძლება იგულისხმებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის. ახალი ხელმძღვანელობა, მეუფე იაკობი ძალიან ეფექტურად შეუდგა საქმეს“, – ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამჭვირვალობის შენარჩუნებაზე საუბრობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

„ჩვენ ყველა ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ბოლო დღეებშია. გრძელდება იქ მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი. ვხედავთ ღიაობისა და გამჭვირვალობის დონეს. ეს ძალიან კარგი და საჭიროა. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯები იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ ბავშვების კეთილდღეობაზე ყურადღება კვლავ შენარჩუნებულია“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ამ დროისთვის, პანსიონატიდან გაყვანილია 38 ბავშვი, ხოლო ადგილზე დარჩენილი 15 არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოზე 24 საათიან რეჟიმში, ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ ბავშვთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას საპატრიარქოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ (UNICEF) და „ვორლდ ვიჟენის“ (World Vision International) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს