გიორგი ვაშაძე - მეცინება „ნაცმოძრაობის” წევრების განცხადებაზე - მათ კანდიდატთან გაერთიანება ნიშნავს მარცხს, ეს ორჯერ ორი ოთხია

ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თავისი კანდიდატები დააყენონ, თავიანთი პროპორციული ხმები წაიღონ. მე არ ვედავები მათ თავის პროპორციულ ხმებში, რატომ ითხოვენ ჩვენგან ან სხვებისგან რაღაცას, რა ვალდებულება გვაქვს მათთან - არანაირი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ ოპოზიციამ მერობის საერთო კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან” უნდა დააყენოს.

კითხვაზე, ემხრობა თუ არა ზოგადად, ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატის იდეას, ვაშაძე ამბობს, რომ არა.

„მეცინება „ნაცმოძრაობის” წევრების განცხადებაზე, თითქოს მე ვალდებული ვარ, რაღაც გავაკეთო. ერთი ხელით უნდათ, გვლანძღონ, მეორე ხელით უნდათ, ვალდებულება აგვკიდონ. არანაირი ვალდებულება ამ ქვეყნად არავისთან არ მაქვს. ერთადერთი ვალდებულება მაქვს ჩემს სამშობლოსთან და ქართველ ხალხთან. დანარჩენი, რაღაცებს რომ მოითხოვენ ჩვენგან, ცოტა კომიკურად მეჩვენება, სასაცილოები არიან. საქმეს სჭირდება პროპორციულ არჩევნებში და რეფერენდუმში გამარჯვება. საქმეს არ სჭირდება ის, რომ მე ვიღაცას შევუთანხმდი რაღაცაზე და სკამების განაწილება დავიწყოთ”,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება რეფერენდუმში წაგებას ნიშნავს.

„ნაცმოძრაობის” კანდიდატთან რაც არ უნდა გაერთიანება მოხდეს, ეს ნიშნავს მარცხს რეფერენდუმში. ეს ორჯერ ორი ოთხია. ყველამ ვიცით, რას იყენებს დამაფრთხობლად, შემაშინებლად „ქართული ოცნება” გადაუწყვეტელი თუ ცვლილებებისთვის განწყობილი ადამიანებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის უპირველესი ამოცანა ოქტომბრის არჩევნებზე რეფერენდუმში გამარჯვება უნდა იყოს.

„ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა ოქტომბრის არჩევნებში არის ის, რომ გავიმარჯვოთ რეფერენდუმში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ყველა ოპოზიციური ხმა პროპორციულ არჩევნებში უნდა იყოს მოპოვებული. „ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს დაიჭერსო“, სამი კურდღლის მადევარი მითუმეტეს ვერ დაიჭერს ერთი კურდღლის ფეხსაც კი. აქედან გამომდინარე, კონცენტრაცია გავაკეთოთ პროპორციულ არჩევნებზე, ამაზე ვართ მობილიზებული, რადგან საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება რიგგარეშე არჩევნები”,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატი სწორედ მათი პარტიიდან უნდა წარადგინოს.

როგორც ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და „მარცხის გარანტირებული ფორმულა იქნება, თუ ამხელა ამომრჩეველთა მასა დარჩება მისი კანდიდატის გარეშე“. ამასთან, ბარამიძის განმარტებით, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, შეუძლია არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა