ახალი გამოცემის - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული გამოცემის - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია გაიმართა.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, პრეზენტაციას რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათი განმარტებით, გამოცემაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სრულად არის ასახული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში, არსებული მართმადიდებლური და რელიგიური უმცირესობების ისტორიულ-კულტურული ძეგლები (საარქივო და ახალი ფოტო მასალა).

როგორც რელიგიის სააგენტოში აცხადებენ, სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალმა გამოცემამ თავი მოუყარა ყველა იმ ფაქტს, რის თაობაზეც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შექმნის დღიდანვე, ყველა ანგარიშსა თუ სხვა დოკუმენტში მიუთითებდა და მიუთითებს - კერძოდ, ისტორიული მემკვიდრეობისა თუ თანამედროვე რელიგიური ნაგებობების სავალალო მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან მოიყვანა კონკრეტული ფაქტები, როცა ოკუპირებულ ტეერიტორიებზე არსებულ ჩვენს ძეგლებს ანგრევენ, არბევენ, ძარცვავენ, აზიანებენ, ცდილობენ ქართული კვალის წაშლას. რუსეთის საპატრიარქო სიტყვიერად აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, თუმცა, ამის მიუხედავად, გრძელდება რუსეთისა და რუსული ეკლესიის მხრიდან საეკლესიო (კანონიკური) საზღვრების დარღვევის ფაქტები.

„ალბომში „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პირველად იხილავთ ერთად თავმოყრილ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საკულტო ნაგებობებს, აბსოლუტური უმრავლესობის ფოტო პირველად ქვეყნდება და უნიკალურ საარქივო მასალას წარმოადგენს. შავ-თეთრი ფოტომასალა მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებშია გადაღებული და პირველად ქვეყნდება, ფერადი ფოტოები კი - 2019 წელს. ახალი ფოტო-ფაქტები, საარქივო ფოტოებთან ერთად, შედარებისა და ობიექტური დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა შერიგების საკითხებში დავით ფაცაციამ.

პრეზენტაციის დასასრულს, სტუმრებს წიგნი საჩუქრად გადაეცათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო