პროკურატურამ წყალტუბოში მომხდარ ავარიის ფაქტზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიციელს და ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 2020 წლის 28 ნოემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ა.დ.-ს და კომპანია „აკკორდ ჯორჯიას“ თანამშრომელს ნ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთის ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ.-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის გამო გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ სატვირთო ფურგონს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფურგონში მყოფი შ.ჯ. გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავტომაგისტრალზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებისას, კომპანია „აკკორდ ჯორჯიას“ თანამშრომელმა ნ.ჯ.-მ სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესები დაარღვია, რაც ასევე გახდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

ა.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ნ.ჯ.-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს