ანრი ოხანაშვილი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ომბუდსმენის გადაწყვეტილებაზე - ეს იგივეა, ექიმმა უარი თქვას იმ საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც უკავშირდება პაციენტის მკურნალობას

ეს იგივეა ექიმმა უარი თქვას იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც უკავშირდება პაციენტის მკურნალობას. ეს არის ნონსენსი, წარმოუდგენელი, - ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველის უარს, უზესნაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ჩართულობაზე.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, ომბუდსმენი ვალდებულია პროცესში ჩაერთოს.

„იცით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს სრული ჩართულობით უზრუნველვყოფთ. მათ შორის შევთავაზეთ სახალხო დამცველს მონაწილეობა. სამწუხაროა, როცა სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ამ პროცესში ჩართულობა მისი უფლებაა. რეალურად, სახალხო დამცველს აქვს ვალდებულება მონიტორინგი გაუწიოს ადმიანის უფლებების დაცვას ყველგან, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში, რომ თანაბარი მოპყრობა იყოს კანდიდატებთან მიმართებაში, რომ არ არსებობდეს რაიმე მექანიზმი, რომელიც კონკრეტული რეგულაციის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს ვინმეს. უფლებებზე მონიტორინგი ეს არის არა სახალხო დამცველის უფლება, არამედ ვალდებულება. ეს იგივეა ექიმმა უარი თქვას იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც უკავშირდება პაციენტის მკურნალობას. მსგავსი პარალელი შეგვიძლია გავავლოთ, რაც არის ნონსენსი, წარმოუდგენელი. ეს არ არის მისი უფლება, თუმცა ამას განსჯის პროფესიული საზოგადოება. პროფესიულ საზოგადოებაში კი, ყველა საკუთარი რისკის ფასად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას",- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას, როგორც ოხანაშვილი აცხადებს, არანაირი ლეგიტიმური საფუძველი პროცესის შეჩერების არ არსებობს.

„ჩვენ, სამუშაო ჯგუფი ხვალ ვიკრიბებით შემდგომი შეხვედრისთვის. ასევე იქნება კომიტეტის სხდომა, სადაც კომიტეტის წევრებს შევთავაზებთ გრაფიკს, თუ როგორი თანმიმდევრობით წარიმართება გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან და რა ინტენსივობით. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, პოლიტიკურ ფრაქციას, პარლამენტის უფრაქციო წევრებს, სახალხო დამცველს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო სექტორს გამოყოფილი აქვს თითო კვოტა. ახლა მათზეა დამოკიდებული აითვისებენ ამ კვოტების და მიიღებენ პროცესში მონაწილეობას თუ არა, არჩევანი მათზეა",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს