პრეზიდენტი - მივმართავ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს - გიცხადებთ სოლიდარობას! ჩვენ წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის და წინააღმდეგი ვართ სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმის!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ფორუმ Generation Equality Forum -ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ, მსოფლიოში ქალი პრეზიდენტები ძალიან ცოტანი არიან, ამასთან, მსოფლიოში 13 ქალი პრემიერ-მინისტრია, თუმცა ქალი ლიდერების ეს რაოდენობა ამ ბრძოლაში საკმარისი არ არის.

„მადლობა ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ემანუელ, მადლობა საფრანგეთს ამ ფორუმის ორგანიზებისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მუდმივ ბრძოლას წარმოადგენს და რომელიც კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

დღეს მე აქ ვარ, როგორც მსოფლიოში არჩეული 9 ქალი პრეზიდენტის ერთადერთი წარმომადგენელი. მსოფლიოში ქალი პრეზიდენტები ძალიან ცოტანი არიან, ამასთან, მსოფლიოში 13 ქალი პრემიერ-მინისტრია, თუმცა ქალი ლიდერების ეს რაოდენობა ამ ბრძოლაში საკმარისი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალ ლიდერებს ამ მიმართულებით უფრო მეტი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, იმისათვის, რომ ხვალ თანასწორობას მივაღწიოთ. საჭიროა არსებობდეს უფრო მეტი ქალი ლიდერი, რადგან მხოლოდ ასე განვახორციელებთ ცვლილებებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ორ კოალიციას.

„რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, მე მესმის ჩემი პასუხისმგებლობა და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვუერთდებით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ორ კოალიციას.

სტამბოლის კონვენცია ქართულ კანონმდებლობაში სრულად აისახება. ეს არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო და ვალდებულება, რომლის ბოლომდე მისაყვანად მე ყველაფერს გავაკეთებ.

საქართველოს მიერ აღებული მეორე ვალდებულება შეეხება იმას, რომ ქალებმა იპოვონ საკუთარი ადგილი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში. ეს სექტორი ყველა ქვეყნის მომავალს წარმოადგენს და ქალები უნდა იყვნენ და უფრო მეტიც, ქალები თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს მეტ ქალს პარლამენტში, მეტ ქალ კანონმდებლობის შექმნაში, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება.

„ასევე მინდა შევეხო ორ კონკრეტულ გამოწვევას, რომელიც ვფიქრობ, ყველა ქვეყნისათვის საერთოა. ეს არის ქალთა მიმართ ონლაინ ძალადობა და მე შემიძლია ამაზე საუბარი, რადგან მე ეს გამოვიარე ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს და არა მხოლოდ იმ პერიოდში, არამედ შემდეგაც. ეს ის საკითხია, რომელიც ხელს უშლის და ზღუდავს პოლიტიკაში ქალების ჩართულობას, რადგან შეტევა სხვა მეთოდებით მათზე პიროვნულად ხორციელდება და ვფიქრობ, ჩვენი კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს ამ პრობლემას, თუ გვსურს, რომ ხვალ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში.

მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს მეტ ქალს პარლამენტში, მეტ ქალ კანონმდებლობის შექმნაში, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა,ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალთა მიმართ ძალადობაზე. პრეზიდენტის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უპირველესად ქალები არიან ყოველდღიური ოკუპაციის ძალადობის მსხვერპლნი, ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდებიან.

„მეორე საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, რომელიც უფრო აქტუალური და ძალიან მტკივნეული პრობლემაა ჩემი ქვეყნისთვის (მაგრამ არამხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის).

ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უპირველესად ქალები არიან ყოველდღიური ოკუპაციის ძალადობის მსხვერპლნი, ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდებიან!

და მე შემიძლია ამაზე აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მყოფი ქალების სახელით ვისაუბრო.

დღეს მე აქ მათ წარმოვადგენ, რადგან ისინი ჩემი ქვეყნის მოქალაქეები არიან - ჩემი მოქალაქეები და ისინი ყოველდღიურად ზარალდებიან.

პანდემიისას ისინი კიდევ უფრო დაზარალდნენ, რადგან მათ არ აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა იმ სამედიცინო სერვისებზე და ვაქცინებზე, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ამიტომ ისინი, რაღაც მხრივ, ორმაგად საზარელ მდგომარეობაში არიან. ქალები კონფლიქტის ზონაში ორმაგ ძალადობას განიცდიან, ვიდრე კაცები.

ამიტომ, ეუთო-ს თავმჯდომარესთან ერთად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოვედი, რომლებიც ყველა იმ რეგიონიდან იქნებიან, სადაც ისინი გენდერზე დაფუძნებული ძალადობის ამ ძალიან პირდაპირ ფორმას განიცდიან.

ასე რომ, მე მინდა ვესაუბრო კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს, ვინც ამ სიტუაციაშია და ვუთხრა, რომ ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ, ჩვენ წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის, წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი ადამიანისკენ მიმართული სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმის - ეს არის ჩვენი მესიჯი დღეს” ! - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, საერთაშორისო ფორუმ Generation Equality Forum -ზე სიტყვით გამოსვლისას.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა