პროკურატურა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, საქართველო „კოვიდ 19“-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით მტკიცე ძალისხმევას აგრძელებს

პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, საქართველო „კოვიდ-19“-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით მტკიცე ძალისხმევას აგრძელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის 1 ივლისის ანგარიშის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით კვლავ პირველ საფეხურზეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, 190 შეფასებულ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია, რომლიც ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს მუდმივ რეჟიმში აგრძელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ასევე სამართალდამცავთა საქმიანობა დანაშაულის პროაქტიულად გამოვლენისა და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით.

საქართველოს პროკურატურამ 2016-2020 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა 43 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო, ამათგან სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - 8 პირის მიმართ, ხოლო არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე - სსკ-ის 1432 მუხლით - 35 პირის მიმართ. რაც შეეხება განაჩენებს, ყველა ტრეფიკიორის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. 2020 წელს ტრეფიკინგის 5 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი 29 პირის მიმართ. ამათგან, აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვის გზით ექსპლუატაციის ფაქტზე 3 ბრალდებულს მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 ბრალდებულს მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს - 5-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიის და სირთულეების მიუხედავად, მტკიცე და შეუქცევად ძალისხმევას აგრძელებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც ქვეყნის დადებით შეფასებას განაპირობებს, კერძოდ, ოთხსკალიანი რეიტინგული სისტემით, საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველო 2016 წლიდან პირველ კალათაში ადგილს ინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელიც პირველ კალათაში მოხვდა. ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის ქვეყნების - ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ლიტვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ესპანეთის, შვედეთის, სლოვენიისა და დიდი ბრიტანეთის გვერდითაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორებიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის პრევენციის და აღკვეთის კუთხით პარტნიორობა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. უწყება ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა