ანრი ოხანაშვილი გოცირიძის განცხადებაზე - არ ვიცი, “ნაცმოძრაობას” რა სტრატეგია აქვს, როგორც ჩანს, ცხვირი შემოყვეს და გასვლა არ უნდათ

როგორც ჩანს, ცხვირი შემოყვეს და გასვლა არ უნდათ - საქართველოში დიდი ხანია მათი გადასაწყვეტი არ არის, ვინ როგორ გადაადგილდება და ისე არ გააკეთონ, თვითონ იყვნენ დასაკავებლები,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებას, რომ “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტში ცხვირს ვერ შემოყოფენ”.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, ყველას უფლება დაცული იქნება.

“არ ვიცი, “ნაციონალურ მოძრაობას” რა სტრატეგია აქვს. როგორც ჩანს, ცხვირი შემოყვეს და გასვლა არ უნდათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში შემოსვლა არ უნდოდათ და ახლა გასვლაზე ამბობენ უარს. საქართველოში დიდი ხანია მათი გადასაწყვეტი არ არის, ვინ როგორ გადაადგილდება. ყველას უფლება იქნება დაცული და ისე არ გააკეთონ, თვითონ იყვნენ დასაკავებლები”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა პარლამენტში მოსამართლეების მოსმენის პროცედურასთან დაკავშირებით განაცხადა, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განისაზღვრება, რა გრაფიკით იმუშავებენ ამ საკითხზე.

“დღეს სამუშაო ჯგუფმა მიიჩნია, რომ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. ეს ინფორმაცია გადაეცემა კომიტეტს, კომიტეტი მიიღებს ცნობად და ამასთანავე კომიტეტზე დავადგენთ იმ სამუშაო გრაფიკს, რა გრაფიკითაც ჩვენ ვიმუშავებთ მომდევნო კვირის განმავლობაში”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციური პარტიები მოსამართლების არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ, ოხანაშვილი ამბობს, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება.

“იმ შემთხვევაში, თუ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ჯგუფები ამ პროცესში არ ჩაერთვება, ეს შეფასდება როგორც შარლ მიშალის დოკუმენტის დარღვევად, იმ ჯგუფების მიერ, რომელთაც უკვე დაარღვიეს. ხოლო ვისაც აქამდე დოკუმენტი არ დაურღვევია, თუ ამ პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას, ეს იქნება შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა. ამაზე უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი რეაგირება. ეს იქნება ძალიან სამწუხარო. რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ პროცესის დისკრედიტაციის, ეს პროცესს ვერ დააზიანებს. “ქართული ოცნება სარგებლობს 1 მლნ ადამიანის მხარდაჭერით და ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხალხს. ამასთანავე, ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური წრის წარმომადგენლები”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტში ცხვირს ვერ შეყოფენ. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, თუ ეს პროცესი არ გაჩერდება, ამას საპროტესტო ტალღა მოყვება და „ქართულ ოცნებას“ მოსამართლეების გაწვევა მოუწევს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა