ნინო ლომჯარია - ნამდვილად არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაქვს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს.

როგორც ლომჯარია განმარტავს, მას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აქვს აღებული.

„ნამდვილად არ ვაპირებ კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ მინიმუმ, წელიწადნახევარი. თუმცა, მინდა მოვუწოდო და წავახალისო ყველა ის ადამიანი, ვინც შესაძლოა, იყოს დამოუკიდებელი აქტორი ამ პროცესში, რომ შეიტანოს განაცხადი. ვიცი, რომ ძალიან შემოკლებული ვადებია, პრაქტიკულად ორშაბათამდე უნდა დარეგისტრირდნენ კანდიდატები და ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა, ბარიერია, რომ ადამიანებმა ასე მოკლე ვადებში მიიღონ გადაწყვეტილება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობის თაობაზე.

რაც შეეხება კომისიას, ჩვენ არ ვმონაწილეობთ, თუმცა, მათი დიდი ნაწილის ბიოგრაფია თუ წარსული ჩემთვის სამწუხაროდ, უცნობია, განსაკუთრებით, აკადემიური წრეებიდან. იმედი მაქვს, რომ ერთსულოვანი იქნება კომისია თავის გადაწყვეტილებაში, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ამ კომისიას.

შემჭიდროვებული ვადები პოტენციურ კანდიდატებს საშუალებას გაურთულებს, რომ განაცხადი შეიტანონ და ვისურვებდი აკადემიური წრის უფრო მრავალფეროვნი წარმომადგენლობა ყოფილიყო და თუნდაც, ერთი უნივერსიტეტის რამდენიმე კანდიდატი არ ყოფილიყო და უფრო ფართო სპექტრი ყოფილიყო აკადემიური წრეებიდან, უნივერსიტეტებიდან წარმოდგენილი. რაც შეეხება იმას, როგორ წარიმართება შერჩევის პროცესი, ამას სადამკვირვებლო ორგანიზაციები უკეთ მოგვახსენებენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ არ გაწბილდეს და მართლაც, საუკეთესო და ყველაზე დამოუკიდებელი, ყველაზე პრინციპული კანდიდატები შეირჩნენ“, - აცხადებს ლომჯარია.

მისივე განმარტებით, ცესკო-ს თავმჯდომარე სტრესულ სიტუაციაში მუშაობას უნდა უძლებდეს.

„ცესკო-ს თავმჯდომარეს ბევრი თვისება სჭირდება, ძალიან რთული პერიოდია, თუმცა, ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვნია, მას ჰქონდეს გამოცდილება, წარსული, გაუძლოს სტრესულ სიტუაციაში მუშაობას, ანუ მუშაობას, როცა მასზე ხორციელდება ზეწოლა ხელისუფლების, თუ სხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან, მისმა სამუშაო გამოცდილებამ უნდა დაადასტუროს, რომ ის ახერხებდა ნეიტრალურად, მიუკერძოებლად ემუშავა და გამკლავებოდა ამ სტრესულ ვითარებას“, - განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა