პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ჩაერთვება თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში, „ლელოსთან“ და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციით გადაწყდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ჩაერთვება თუ არა პარტია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხვალ, პარტია „ლელოსთან“ და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებით გადაწყდება. ამის შესახებ მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თუმცა, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ის პროცესში მონაწილეობის აზრს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

„დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ, არის კოორდინაცია „ლელოსთან“ და ჩვენს პარტნიორებთან. ხვალ შევიკრიბებით და საბოლოო გადაწყვეტილებას გეტყვით ამასთან დაკავშირებით. ყოველთვის იცვლება ვითარება და ახლა უნდა შევთანხმდეთ, რა გზით მივდივართ, რომ მედიატორებთან კოორდინაციით წავიყვანოთ პროცესი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ ინიციატივაა, რომ უცხოელმა მოსამართლეებმა ქართველი მოსამართლეების კომპეტენცია შეამოწმონ.

„ჩვენ და „ლელოს“ გვაქვს ინიციატივა, ე.წ. უკრაინის მოდელი, როცა იუსტიციის საბჭოსთან არსებობს უცხოელი მოსამართლეების პანელი, რომელიც ამოწმებს მოსამართლეებს, მათ შორის, კეთილსინდისიერების ნაწილში. თუ უკრაინა ამას არ შეასრულებდა, ვერანაირ გრანტს და დახმარებას ვერ მიიღებდა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება პარტიის „საქართველოსთვის“ იდეას, მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-მა და ასევე, არამოსამართლე წევრების 2/3-მა ერთობლივად უნდა აირჩიოს, მანჯგალაძე ამბობს, რომ ყველა იდეას, რომელიც სამართლიანი სასამართლოს იდეას ემსახურება, „სტრატეგია აღმაშენებლი“ მხარს დაუჭერს.

„ჩვენ დავუჭერთ ყველა ინიციატივას მხარს, რომელიც ემსახურება უფრო მეტად თავისუფალ სამართლიანი სასამართლოს იდეას. ჩვენ არ გვაქვს კომპლექსები, რომ ეს „ქართული ოცნების“ იდეაა, ან სხვა პარტიის იდეა, რაც არის სწორი და რაც ქვეყანას სჭირდება ყველაფერს მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა