წითელი ჯვარი - ვაძლიერებთ ძალისხმევას ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად  ძნელად მისადგომ და მოშორებულ ადგილებში

COVID-19-ის ვაქცინებზე სამართლიანი წვდომის უზრუნველყოფა, ისე, რომ არავინ გამორჩეს, საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომლითაც ის საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას გლობალური პანდემიის ამ რთულ ეტაპზე უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს წითლი ჯვრის საზოგადოება“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, რომელსაც მხარს უჭერენ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორები - ICRC და IFRC, იმთავითვე წინა რიგებში იდგა კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს ვირუსის სხვადასხვა შტამი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, და ამდენად ვითარება უფრო და უფრო საყურადღებო ხდება. ”ეფექტური ვაქცინების მზარდი რაოდენობა იმედის მომცემია, მაგრამ ამ ვირუსის კონტროლი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ყველა ხელს შევუწყობთ ვაქცინაციის მიზნით გაწეულ ძალისხმევას”, - განაცხადა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი ვაქცინაციის პროცესში, ისინი შემდგომშიც იმუშავებენ თემების დონეზე ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიებში.

„ დაეხმარებიან მოსახლეობას ვაქცინაციაზე დარეგისტრირებაში, მონაწილეობას მიიღებენ ვაქცინაციის მსურველთა რიგების მართვაში, რითაც თავის წვლილს შეიტანენ პროცესის წარმატებით, ეფექტურად და უსაფრთხოდ წარმართვაში ”, - აღნიშნა ლოლაძემ.

„საქართველოს წითელი ჯვრის“ პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერინ შაპაზი 3-4 ივლისს ახალქალაქისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ. ისინი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ახალქალაქისა და ხულოსა ფილიალების წარმომადგენლებსა და მოხალისეებს, ასევე მუნიციპალიტეტის, თემებისა და რელიგიურ ლიდერებს შეხვდნენ. კოვიდ-19 ვაქცინაციის მიმდინარე პროცესი და მისი მნიშვნელობა ამ შეხვედრებისას მთავარი განხილვის საგანი იყო.

”არავინ არ იქნება დაცული, სანამ ყველა არ იქნება დაცული” - თქვა სევერინ შაპაზმა, შეაჯამა ვიზიტი.

”ძალზე მნიშვნელოვანია ვაქცინების სამართლიან ხელმისაწვდომობაზე ფოკუსირება, მათთვის, ვინც ყველაზე მეტად ექვემდებარება რისკებს, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ და მოშორებულ ადგილებში, აგრეთვე იქ, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ რამდენად მოტივირებული და ჩართულები არიან საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები ამ პროცესებში, რითაც თავისი წვლილი შექვთ გლობალურ ძალისხმევაში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, მოსახლეობის ინფორმირებულობაში ვირუსის რისკებზე და ვაქცინაციის როლზე მის დამარცხებაში“, - განაცხადა შაპაზმა.

ცნობისთვის „საქართველოს წითელი ჯვარი“ და წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტი წლებია თანამშრომლობენ ადგილობრივი თემების გასაძლიერებლად ეროვნული საზოგადოების ფილიალების მეშვეობით. ამჟამად, ამ თანამშრომლობის საშუალებით, „წითელი ჯვარი“ აძლიერებს ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს ვაქცინაციის პროცესს მოშორებულ და ძნელად მისადგომ ადგილებში და მისი ფილიალები ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა