პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის შეფასებით, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა მიუძღვის, გარდა მედიისა, რომელიც გუშინ აშუქებდა ამ ყველაფერს და დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მნიშვნელოვანია ამ საკითხის ფართო გამოძიება და იმის გარკვევა, თუ ვინ იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი.
“ზოგადად, როდესაც ასეთი რამ ხდება, იქ არ შეიძლება იყოს მარტო ერთი ჯგუფის ან ერთი მხარის პასუხისმგებლობა, როგორც წესი, ეს პასუხისმგებლობა სხვადასხვა დოზით ნაწილდება სხვადასხვა აქტორებს შორის. ამ შემთხვევაში გვაქვს ის სიტუაცია, როდესაც ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა მიუძღვის, გარდა მედიისა, რომელიც უბრალოდ, აშუქებდა ამ ყველაფერს და თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ საკითხის ფართო გამოძიება, რა ხდებოდა, როგორ იყო ამ ჯგუფების დაორგანიზება. ვინ იდგა ამის უკან და ა.შ. ძალადობისკენ მოწოდება არის კონკრეტული დანაშაული და არ შეიძლება ეს დანაშაული დაუსჯელი დარჩეს, თუ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობთ“,-განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, სჯობდა პრემიერს და სხვა საჯარო პირებს სწორი განცხადება გუშინვე გაეკეთებინათ. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ქვეყანაში ძალადობის წახალისება ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს.
„ვისურვებდი, რომ ეს განცხადებები გუშინ გაკეთებულიყო და პრემიერს გუშინ გაეკეთებინა განსხვავებული განცხადება, რომელიც რაღაცნაირად იქნებოდა ამ რადიკალური ჯგუფებისთვის მიმანიშნებელი, რომ მათ არ უნდა გადაკვეთონ „წითელი ხაზი“. ის, რაც დღეს გააკეთა, მაგრამ, ჩემი აზრით, დღეს ეს უკვე დაგვიანებულია და ვერ გამოასწორებს იმას, რაც გუშინ ხდებოდა. ეს უნდა იყოს ყველასთვის მაგალითი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში ძალადობის წახალისება ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. რაღაცის პრეცედენტები უნდა შევქმნათ. პირველ რიგში, უნდა შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ მედიაზე თავდასხმა უნდა იყოს აღკვეთილი და ამ ქვეყანაში ძალადობისკენ მოწოდება უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი“,-განაცხადა იოსელიანმა.