ეკატერინე ტიკარაძე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს ალანა არმიტაჯის შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიაზე, ანტენატალური მომსახურების რეგიონალიზაციის ღონისძიებების შემუშავებასა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სერვისებით მოცვის გაფართოებაც.

მინისტრმა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის დირექტორს ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გაეროს მოსახლეობის ფონდი დიდ დახმარებას გვიწევს, როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, ასევე დედათა და ბავშვთა სერვისების განვითარების საკითხებშიც. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც რეპროდუქციული უფლებების რეალიზებისკენ იქნება მიმართული. რეპროდუქციული სერვისების გაუმჯობესების ნაწილში განსაკუთრებული აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონებისთვის გაკეთდა“,- განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

„განვიხილეთ გაერო-ს მოსახლეობის ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული თანამშრომლობა. ვისაუბრეთ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე. ხაზი გავუსვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბევრი მიმართულებით აქვს პროგრესი“, - ამის შესახებ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა ალანა არმიტაჯიმ განაცხადა.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი ჰასან მოჰტაშამი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ესწრებოდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა