ნიკა სიმონიშვილი - ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატები იმ არჩევნებთან ასოცირდებიან, რომელმაც დიდი უნდობლობა გამოიწვია - კომისიამ მიიღო ცუდი და დაბალი სტანდარტის გადაწყვეტილება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ვერ მოიპოვებენ.

ამის შესახებ სიმონიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ აღნიშნულ კანდიდატებთან მიმართებაში „ძალიან ცუდი, დაბალი სტანდარტის გადაწყვეტილება მიიღო“.

„საია-ს, TI-ს, ISFED-ს და IDFI-ს თავმჯდომარეობის არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დაგვიჭერია. კანდიდატების ნაწილზე დამოუკიდებლობასთან მიმართებით არსებობდა პირდაპირი კითხვის ნიშნები, ნაწილთან მიმართებით კი, კვალიფიკაციის. რაც შეეხება შერჩეულ ორ კანდიდატს - გიორგი კალანდარიშვილს და გიორგი სანტურიანს, ისინი 2020-ის არჩევნებზე მაღალ თანამდებობას იკავებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იმ არჩევნებთან ასოცირდებიან, რომელმაც საზოგადოებაში ძალიან დიდი უნდობლობა გამოიწვია. ეს ადამიანები მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ვერ მოიპოვებენ. აქედან გამომდინარე, არ იყო კომისიის გადაწყვეტილება სწორი და დასაბუთებული. ჩემი აზრით, მათთან დაკავშირებით კომისიამ ძალიან ცუდი, დაბალი სტანდარტის გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მე პირადად და ჩემმა კოლეგებმა სამ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი - ლელა ტალიურს, თამარა სართანიას და ანა მიქელაძეს. რაც შეეხება დანარჩენ ორს, მხარი არ დაგვიჭერია. ერთ კანდიდატთან - მაია ზარიძესთან მიმართებით მე სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს, კერძოდ, მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გია ცაცაშვილს, გასაუბრებაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა გარკვეული ეჭვები მასთან დაკავშირებითაც გამიჩნდა, რის გამოც, გადაწყვეტილება ვერ მივიღე მისთვის ნდობა გამომეცხადებინა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სანტურიანი შეარჩია. გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე - ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურები 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, ხოლო პარლამენტმა გადაწყვეტილება წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მიიღოს.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით