გია ხუხაშვილის მოსაზრებით, რისკები, რომ ცესკოს თავმჯდომარის გამო ქვეყანა ისევ ჩიხში შევიდეს, ძალიან მაღალია

ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, რისკები იმისა, რომ ცესკოს თავმჯდომარის გამო ქვეყანა ისევ ჩიხში შევიდეს, ძალიან მაღალია.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროცესმა ერთგვარი ფარსის სახე მიიღო.

„სერიოზული პრობლემა და უნდობლობაა პოლიტიკურ ელიტაში. თუ ხელისუფლებას უნდოდა ნდობის აღდგენა ამ პროცესისადმი, უნდა მოძებნილიყო საზოგადოებაში მაღალი ცნობადობის ავტორიტეტი, რომელიც მისაღები იქნებოდა მეტ-ნაკლებად ორივე მხარისთვის. ასეთი ხალხი ცოტაა და რთული ამოცანაა, მაგრამ აქეთ უნდა გვემოძრავა. ამ დროს კი ჩვენ ვნახეთ რეგისტრირებული კანდიდატები, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს. გარდა ამისა, თუ რამე პრობლემაა საზოგადოებაში თამარ ჟვანიასთან მიმართებაში, ბუნებრივია, ეს ადამიანები სოლიდარულად ინაწილებენ ამ პასუხისმგებლობს. შესაბამისად, პროცესმა ერთგვარი ფარსის სახე მიიღო და ყველაფერი უპესპექტივო ხდება. ხელისუფლებას არც აქვს იმედი, რომ კომისიის თავმჯდომარეს აირჩევენ. მათ უნდათ დროებითი, ერთჯერადი გამოყენების თავმჯდომარე, 6-თვიანი, ან საერთოდ ჟვანიას მოადგილემ ჩაატაროს არჩევნები. რისკები იმისა, რომ კომისიის თავმჯდომარის გამო ჩვენ ისევ შევიდეთ ჩიხში, ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, ძალიან მაღალია.

წარდგენილი კანდიდატები, სავარაუდოდ, ნდობას ვერ მოიპოვებენ, თუ ვიღაცამ ხელი არ მოაწერა „ოცნების“ სატელიტობაზე. თამარ ჟვანიას პრეისტორია მაინც ჰქონდა, ეს ხალხი კი ტექნიკური მუშაკები არიან, რომლებსაც თუ რამე ცუდი ხდებოდა კომისიაში, სავარაუდოდ, ხელი აქვთ მოწერილი და კომპრომეტირებულები არიან საზოგადოების თვალში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის მოსაზრებით, არსებული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ცესკოს თავმჯდომარედ, 2 წლის ვადით, კომისიის ევროპელი თავმჯდომარის მოწვევა იქნებოდა.

„არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, რადგან ეს პროცესი ევროპული მხარის კურაციის ქვეშაა შარლ მიშელის ეგიდით შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, ვფიქრობ, ამ შეთანხმების ნაწილი შეიძლებოდა გამხდარიყო, დაახლოებით, 2 წლით კომისიის ევროპელი თავმჯდომარე მოგვეწვია. იმისთვის, რომ კრიზისი მთლიანად გადალახულიყო ამ არაორდინალურ ვითარებაში და ეს ორარჩევნებიანი ციკლი სერიოზული რყევების გარეშე ჩავატაროთ. ეს ხელისუფლებასაც შეზღუდავდა ადმინისტრაციული და პოლიტკური რესურსის ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით და ოპოზიციასაც წაართმევდა სპეკულაციის და აპელირების საშუალებას, რომ რაღაცას აშავებს კომისიის თავმჯდომარე. ეს პროცესს ლეგიტიმაციის შესძენდა. რა თქმა უნდა, არ ვაყენებ საკითხს, რომ სულ გვყავდეს კომისიის ევროპელი თავმჯდომარე.

თუმცა, სამწუხაროდ, ამის პოლიტიკური ნება არა მარტო ხელისუფლებაში, შეიძლება ოპოზიციაშიც არ იყოს, რადგან კომისიის თავმჯდომარისკენ ხელის გაშვერაში შეიზღუდებიან. პროცესი მოსწრებადია, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისითაც, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. ერთადერთი სწორი გამოსავალი ეს იქნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სანტურიანი შეარჩია. გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე - ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურები 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, ხოლო პარლამენტმა გადაწყვეტილება წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მიიღოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო