მიხეილ ჩხენკელმა ჩეხეთის ელჩთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტრ მიკისკას უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა პეტრ მიკისკას განათლების სფეროში თანამშრომლობისათვის, რომელიც 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აქტიურად ხორციელდება და ხელს უწყობს ორი ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის კონტაქტების დამყარებას, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ჩეხური ენის სწავლებას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ა. შ.

„შეხვედრაზე მხარეებმა გაცვლითი პროგრამების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ პროფესორ-მასწავლებლებისათვისაც. ელჩმა აღნიშნა, რომ ივლისის შუა რიცხვებში ჩეხეთის მთავრობის სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: მშენებლობა, ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მათემატიკა, სტატისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, საქართველო აქტიურად ემზადება ევროკავშირის ახალი პროგრამისთვის “Horizon Europe”. მინისტრის თქმით, შესაძლებელია ჩეხეთის სამეცნიერო წრეებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო პროექტების წარდგენა და განხორციელება.

მინისტრმა სტუმარს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის შექმნა შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად.

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტმა ძალიან კარგი სტარტი აიღო და პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. მისი თქმით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ. უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის კარი უცხოელი სტუდენტებისათვისაც გაიხსნება, მათ შორის, ჩეხი სტუდენტებისთვისაც“, - აღნიშნულია განათლების უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარებას განაპირობებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან.

მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კოლაბორაციაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჩეხ მეცნიერებსა და კვლევით დაწესებულებებსაც ექნებათ ინსტიტუციურ დონეზე.

სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა