საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს-სომხეთის საზღვართან, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, მდინარე დებედაზე, ახალი, “მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი ხიდის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა, ამავე ბანკის ერევნის ოფისის ხელმძღვანელმა დიმიტრი ღვინდაძემ და ორი ქვეყნის სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს.

სამინისტროს ინფორმაციით, „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანანსებს. ხიდის მშენებლობისთვის EBRD-მა საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო.

ხიდის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევა მოუწიათ მხარეებს პროექტის მომზადების ეტაპზე და სამშენებლო სამუშაოების აქტიურ ფაზაში გადასვლის გათვალისწინებით, იმედი გამოთქვა, რომ 2022 წლის მაისში ახალი ხიდი გახსნა იქნება შესაძლებელი.

„რა თქმა უნდა, მასშტაბური პროექტი ყოველთვის სავსეა სირთულეებით და თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში ჩვენ მეზობელ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, კიდევ უფრო დასაფასებელია სომხური მხარის ძალისხმევა და წვლილი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანია ეკონომიკის აღდგენა და ჩვენ ამისთვის ინფრასტრუქტურული კუთხით მნიშვნელოვან სამუშაოს ვასრულებთ, ვცდილობთ გზებზე გამტარობა და უსაფრთხოება იყოს შესაბამისი სტანდარტებით უზრუნველყოფილი“, -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა 2019 წელს ქართულ-სომხური უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში განხილული და დასახული გეგმის მიმდინარეობას. ირაკლი ქარსელაძის თქმით, დაწყებულია რამდენიმე ახალი ხიდის მშენებლობა, გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე შემუშავებულია რუსთავი-ალგეთი-არაფლო-სადახლოს გზის 50 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, „მეგობრობის ხიდის“ ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე კი - სომხეთის. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს - EBRD-ის კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს - საქართველო.

სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხარულია პანდემიით და რეგიონში საომარი ვითარებით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, პროექტის აქტიურ ფაზაში გადასვლით.

„ჩვენი ქვეყნებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სატვირთო გადაზიდვების განვითარება და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერა“,-განცხადა სურენ პაპიკიანმა.

სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან მდებარე 1960-იან წლებში აშენებული ვიწრო ხიდი, რომელიც ამორტიზებულია, ერთობლივი გადაწყვეტილებით, შენარჩუნდება, გამაგრდება და ალტერნატიული გზის ფუნქციას შეასრულებს.

რაც შეეხება ახალ, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდს, ექსპლუატაციაში მისი შესვლის შედეგად, შემცირდება გადაადგილების დრო და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის.

კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის, კატერინა ჰანსენის თქმით, დიდია ამ პროექტის ეკონომიკური სარგებელი, რადგან კარგად ფუნციონირებადი სასაზღვრო გამტარი პუნქტი ხელს შეუწყობს ტურიზმის და შესაბამისად, ორი მეგობარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

„განსაკუთრებით ახლა, მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წელი გავიდა საზღვრების ჩაკეტვიდან, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. მოუთმენლად ველი საზღვრების გახსნას, რათა მოგვეცეს საშუალება, რომ ვიმოგზაუროთ როგორც სომხეთში, ისე საქართველოში. EBRD მხარს უჭერს ორივე ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მადლიერი ვართ მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო. რა თქმა უნდა, მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისათვის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, არამედ ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ამ ორი ქვეყნის განვითარებას წაადგება,”- აღნიშნა კატერინა ჰანსენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო