"თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულ 3 პირს  პატიმრობა შეეფარდა

"თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულ 3 პირს - გიორგი ოძელაშვილს, ალიკა ალაზოვს, გიორგი ელისბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძემ მიიღო.

დღევანდელ სასმართლო პროცესზე პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების 2000 და 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულები, ისინი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. ბრალდებულ გიორგი ოძელაშვილის განცხადებით, ის დროებით თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან და დუმილის უფლებას იყენებს. ალიკა ალაზოვი და გიორგი ელისბარაშვილი კი აცხადებენ, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძის განმარტებით, ორივემ მხარემ დაადასტურა ის გარემოება, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოსაყენებელი იყო, ერთი მხარე გირაოს, მეორე კი პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლის თქმით, მიმალვა, მტკიცებულების განადგურება და ახალი დანაშაულის ჩადენა არ უნდა მოხდეს, თუმცა, სამივე პირობა სახეზეა, რის გამოც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. მოსამართლის განცხადებით, გამოძიება სულ რამდენიმე დღის დაწყებულია და ის, რომ ბრალდებულები არ მიიმალებიან, ამის პროგნოზირება რთულია და აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენება მიზანშეუწონელი იყო.

გამოძიების ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები ალიკა ალაზოვი, გიორგი ელისბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი. ალიკა ალაზოვს, გიორგი ელისბარაშვილს და გიორგი ოძელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა