პროკურატურამ მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდება 4 პირს წარუდგინდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულები ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ.

„საქართველოს პროკურატურამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხ პირს - რ.კ.-ს, გ.კ.-ს, თ.ბ.-ს და გ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

სამართალდამცველებმა რ.კ., გ.კ., თ.ბ. და გ.ნ. 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 20 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების და ასევე, ორგანიზატორების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს