ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხელოსანია, მას მძიმე დანაშაულს უყენებენ, ძალადობას, ჟურნალისტის საქმიანობაში ხელისშეშლას, ამას ჯობს ტყვია ესროლო ადამიანს, თუკი ის პატიოსანი კაცია

ბატონო მოსამართლე, მთავარია, სწორი წითელი ხაზი ნახოთ იმ არეულობაში, ძალადობაში და ყველაფერს სწორი სახელი დაარქვათ, მოიძიოთ ვინ რა დააშავა, ეს ძალიან ძნელია, თქვენ დგახართ საოცარი დილემის წინაშე, - ამ სიტყვებით მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ გიორგი ნასყიდაშვილის ადვოკატმა ნათელა ჩერქეზიამ განაცხადა.

მან სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმო, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს ძალადობა უდანაშაულო ადამიანს არ უნდა დააბრალონ.

"ის, რაც 5 ივლისს მოხდა, შემზარავია, ძალიან ვწუხვარ მომხდარზე და გულწრფელად განვიცდი. აქამდე ისე მოვედი, შემთხვევა არ მქონია, ჟურნალისტი ეცემოთ, ჟურნალისტი ინფორმაციის ერთადერთი წყაროა, მაგრამ ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა. მთავარია, სწორი წითელი ხაზი ნახოთ, იმ არეულობაში, ძალადობაში ყველაფერს სწორი სახელი დაარქვათ, მოიძიოთ ვინ რა დააშავა, ძალიან ძნელია ბატონო მოსამართლე. თქვენ დგახართ საოცარი დილემის წინაშე, სასამართლო, მესმის პროკურატურისაც, მაგრამ აქ იმიტომ ვართ, რომ ეს გაარკვიოთ, ისე არ მოხდეს, რომ უდანაშაულო ადამიანი მოხვდეს იქ. ჩემი თხოვნაა, იყოთ სამართლიანი და ობიექტური, გამავალ წითელ ხაზს თავისი სახელი დაარქვათ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დღიური ხელოსანია, რომ ოჯახი არჩინოს. როცა მას მძიმე დანაშაულს უყენებენ, როგორიც ძალადობაა, ჟურნალისტის საქმიანობის ხელისშეშლაა, მერე გაკიდება, ამას ჯობს ტყვია ესროლო ადამიანს, თუკი ის პატიოსანი კაცია. ძალიან განვიცდი აქ დგომას, დაცვასაც, ოდნავ მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ მან ეს ჩაიდინა, აქ არ ვიდგებოდი",- განაცხადა ჩერქეზიამ.

ადვოკატის თქმით, გიორგი ნასყიდაშვილს როგორ უნდა შეეშალა ხელი ჟურნალისტის საქმიანობაში, როცა ის იქ შემთხვევით მოხვდა.

„როგორ შეიძლება ვინც ტელევიზორში კადრებში მოხვდა მოკიდო ხელი და აქ დასვა? კეთილი ინებონ და მოძებნონ, ვინც ეს გააკეთა! ფაქტია, რომ იქ არეულობა მოხდა, მაგრამ ეს რომ გიორგი ნასყიდაშვილმა გააკეთა, ვინმეს გაეკიდა, დევნა ჩაიდინა და რომ ჯგუფის მონაწილეა, ამის დამადასტურებელი არ არსებობს“,- განაცხადა ადვოკატმა.

მან გიორგი ნასყიდაშვილის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

სამართალდამცველებმა რომეო კეკუტია, გიორგი კახიანი, თედო ბურდული და გიორგი ნასყიდაშვილი 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა