ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კენკროვანი კულტურების ფორუმს ,,გურია 2021" დაესწრნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კენკროვანი კულტურების ფორუმს „გურია 2021" დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ფორუმის მონაწილეებმა გასული წლის შედეგები შეაჯამეს, „USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის" დეტალები განიხილეს და თანამედროვე ცოდნასა და აგროტექნოლოგიებზე წვდომის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მწარმოებლებმა ფორუმის მონაწილეებს ის გამოწვევები გაუზიარეს, რაც კენკრის ექსპორტის და მარკეტინგის მიმართულებით არსებობს და რაც დარგის კონკურენტუნარიანობის გაზრდას უკავშირდება.

„კენკროვანი კულტურების ფორუმი პირველად იმართება. ბოლო წლებია, საქართველოს მეხილეობაში და, ზოგადად, სოფლის მეურნეობაში, კენკროვანი კულტურები ძალიან პოპულარული გახდა. ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებაში სირთულეები და გამოწვევები ბევრია; სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ ფორუმზე, რომელსაც კენკროვანი კულტურების განვითარებაში ჩართული ყველა მხარე ესწრებოდა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ USAID-თან; მათი ახალი პროგრამა, სახელმწიფოსთან ერთად, ტექნიკურ დახმარებას უწევს როგორც ფერმერებს, ასევე გადამმუშავებლებს, რათა მათი პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, გურია ლიდერობს კენკროვანი კულტურების გაშენების თვალსაზრისით. შედეგები მზარდია; სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაფინანსებულია 2500 ჰექტრამდე ახალი, თანამედროვე კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 45 მილიონ ლარს შეადგენს, ჯამური ინვესტიცია კი, 60 მილიონ ლარს აღემატება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„კენკროვანი კულტურები საქართველოს სოფლის მეურნეობაში ძალიან იმედის მომცემი სექტორია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საექსპორტო ღირებულებამ 4 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ზრდის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. USAID და ამერიკის საელჩო მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მხარს უჭერს მწარმოებლებს ახალი საშუალებების დანერგვაში, იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსავლიანობა, გაიზარდოს ხარისხი; შესაბამისად, ვთანამშრომლობთ როგორც კერძო სექტორთან, ასევე მთავრობასთან. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში უფრო მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნას", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნარუჯაში გამართულ კენკროვანი კულტურების ფორუმს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანი, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კენკრის მწარმოებლები ესწრებოდნენ.

ფორუმი „გურია 2021“ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა