დავით ბაქრაძე - მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავეა არა მხოლოდ ის მოძალადე, ვინც ქვა ისროლა, არამედ ისიც, ვინც მოძალადეს ქვა მისცა, წააქეზა და დაუსჯელობას დაჰპირდა

ამ ტრაგედიაში და ლექსო ლაშქარავას დაღუპვაში დამნაშავეა არა მხოლოდ ის მოძალადე, ვინც ქვა ისროლა, არამედ ისიც, ვინც ამ მოძალადეს ქვა მისცა ხელში, წააქეზა და დაუსჯელობას დაჰპირდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბაქრაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ოპერატორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ “ზედოზირებაზე” ლაპარაკი არის არა მხოლოდ დაღუპული ლექსო ლაშქარავას და მისი ოჯახის, არამედ მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა და ღია მცდელობა, აარიდოს ხელისუფლებას ამ ტრაგედიით გამოწვეული პასუხისმგებლობა

„უმძიმესი ტრაგედია მოხდა დღეს საქართველოში.

ლექსო ლაშქარავას დაღუპვაში დამნაშავე არიან არა მხოლოდ ის ნაძირლები, ვინც ქრისტიანობის და ქართული ტრადიციების სახელით ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგოს ცემას აპირებდა, რომელსაც ლექსო გადაეფარა, არამედ ყველა ის პოლიტიკური თუ სასულიერო ლიდერიც, ვინც ეს მოძალადეები არ დასაჯა, წააქეზა და დაარწმუნა, რომ ძალადობით სწორ და სასარგებლო საქმეს აკეთებდნენ. რა არის იმაზე დიდი ქართული ტრადიცია, ვიდრე მამაკაცის მხრიდან მის გვერდით მყოფი ქალის დაცვაა? რა არის იმაზე მაღალი ქრისტიანული ღირებულება, ვიდრე სხვის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის გაწირვაა? სწორედ ლექსო ლაშქარავაა მაგალითი ქართველობის, ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვის და არა ის მოძალადე ორკები და მათი წამქეზებლები, ვინც ამ ღირებულებების სახელით უდიდესი ბოროტება ჩაიდინა და კაც ჰკლა.

უმძიმესი სანახავი და მოსასმენია შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ქმედებები - სრულიად ნათელია, რომ გარდაცვალების მიზეზების ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, მაგრამ ამ ფორმით შევარდნა დაღუპული ადამიანის ოჯახში, ასე მოქცევა ჭირისუფლებთან და რაც მთავარია - უკვე ფაქტობრივად ღიად საუბარი “ზედოზირებაზე” არის არა მხოლოდ დაღუპული ლექსო ლაშქარავას და მისი ოჯახის, არამედ მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა და ღია მცდელობა, აარიდოს ხელისუფლებას ამ ტრაგედიით გამოწვეული პასუხისმგებლობა.

ამ ყველაფერს აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს - სრულად ვიზიარებ და ვუერთდები საზოგადოების მოთხოვნას პრემიერისა და მთავრობის დაუყოვნებლივი გადადგომის შესახებ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის გამო ფიზიკურად ვერ ვუერთდები დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას და მიმაჩნია, რომ ამ აქციაზე აუცილებლად უნდა მივიდეს ყველა ის ადამიანი, ვისაც სურს, საქართველოში ქუჩაში აღარ ქოლავდნენ ადამიანებს განსხვავებული აზრის ან საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო. ეს არ არის პოლიტიკური შეხედულებების ან განსხვავებების დაფიქსირების აქცია, საფრთხის წინაშე დგას პოლიტიკაზე ბევრად მაღალი ღირებულება - ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის, აზროვნების, სინდისის თავისუფლება, საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენი საზოგადოების ნორმალური განვითარების პერსპექტივა.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს უღრმეს გულისტკივილს და სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ნათესავებს, კოლეგებს და ახლობლებს“, - წერს ბაქრაძე.

“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო