ბადრი ჯაფარიძე - ილუზიები არ გვაქვს, მაგრამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყებით საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ - როცა უმცირესობაში ვართ,  შედეგზე გარანტიის მოცემა არ შემიძლია

მთავრობის უნდობლობის პროცედურების გამოცხადების დასაწყებად 50 ხმა არის საჭირო. გვესმის, რომ პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს „ქართული ოცნება“ ამასთან დაკავშირებით ილუზიები არ გვაქვს, უბრალოდ, ვალდებულები ვართ, ეს პროცესი დავიწყოთ, დავანახოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ მათ შეკვეთას ვასრულებთ,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების დაწყებაზე ისაუბრა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, საზოგადოების აქტიურობა და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირება, „ქართულ ოცნებას“ აჩვენებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მთავრობის გადადგომაა.

„საპარლამენტო ოპოზიციას აქვს კანონით გათვალისწინებული ინსტრუმენტები, რომლის გამოყენება სავალდებულოა იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოების დაკვეთა შევასრულოთ, მოთხოვნას ვუპასუხოთ პარლამენტიდან. ეს არის ის, რაზეც ახლა ვაწარმოებთ კონსულტაციებს ოპოზიციონერ კოლეგებთან. ეს არის უნდობლობის პროცედურების გამოცხადების დაწყება მთავრობისადმი. ამისთვის 50 ხმა არის საჭირო. ჩვენ გვესმის, რომ დღეს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, ამასთან დაკავშირებით ილუზიები არ გვაქვს, უბრალოდ, ვალდებულები ვართ ეს პროცესი დავიწყოთ, დავანახოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ მათ შეკვეთას ვასრულებთ, ამისთვის საპარლამენტო პროცესის ინიცირება გვჭირდება მთავრობის უნდობლობის გამოცხადებისთვის. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების აქტიურობა, რომელიც რუსთაველზე დგას, პლუს ამ პროცესის ინიცირება პარლამენტში, მოგვცემს საშუალებას „ქართულმა ოცნებამ“ დაინახოს, რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ გამწვავდა 5-6 ივლისის მოვლენების გამო, არის მთავრობის გადადგომა. მთავრობის, რომელიც ვალდებული იყო მოეხდინა 5-6 ივლისის დასაგმობი ძალადობრივი აქტების პრევენცია, არ გააკეთა და ვერ აღკვეთა ძალადობრივი აქტები. რეაგირება დაგვიანებით იყო, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი მთავრობა უნდა გადადგეს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, თუ აქვთ წინასწარი განწყობა, რომ მთავრობის უნდობლობის საკითხი ჩავარდება, რა აზრი აქვს ფორმალურად აღნიშნული საკითხის გააქტიურებას, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ „დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ შენ შეიძლება უმცირესობაში იყო, მაგრამ ყველაფერი გააკეთო, როგორც უმცირესობამ, რომ საზოგადოების შეკვეთა შეასრულო“.

„მაშინ საზოგადოდ დგება აზრი, რა აზრი აქვს პარლამენტში უმცირესობაში ყოფნას? ეს ასე არ არის. მცდარი შეხედულებაა. უმცირესობა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს იმ ფარგლებში, რაც მას აქვს. დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ შენ შეიძლება უმცირესობაში იყო, მაგრამ ყველაფერი გააკეთო, როგორც უმცირესობამ, რომ საზოგადოების შეკვეთა შეასრულო, იმოქმედო, პროცესი დაიწყო. როდესაც ოპოზიცია უმრავლესობაში ვიქნებით, მაშინ შემეძლება გითხრათ გარანტირებულად, რომ ამაზე გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ, როდესაც უმცირესობაში ვართ, ამის გარანტიის მოცემა არ შემიძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდობლობის გამოცხადების პროცესი არ დავიწყოთ, არ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ხედვა გვაქვს, შევთავაზოთ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, კანდიდატურები კონკრეტულ თანამდებობებზე. ის, რომ „ქართული ოცნებაა“ პარლამენტში უმრავლესობა, ეს მოცემულობაა, ამას ვერ ვცვლით. ეს შეიცვლება მხოლოდ არჩევნების გზით, ეს არ ნიშნავს, რომ გულ-ხელ დაკრეფილები ვიყოთ პარლამენტში, არაფერი გავაკეთოთ საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ერთადერთი რამ. ეს არის პროტესტი იმის მიმართ, რომ საზოგადოების მოთხოვნის, მთავრობის გადადგომის მოთხოვნის იგნორირება ხდება. ვნახეთ, რომ მოსამართლეები დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ“, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა აპროტესტებდა, ეუთო, ევროკავშირი, ყველამ შეაფასა ეს პროცესი, როგორც მანკიერი, თუმცა, მაინც დაამტკიცეს. თავიდანვე ვთქვით, რომ ამ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებდით. სამწუხაროდ, სანამ უმრავლესობაში არ მოვალთ, ჩვენ ვერ შევაჩერებთ ასეთ პროცესებს. უმრავლესობა გჭირდება, რომ შეაჩერო. ოპოზიცია დღეს უმცირესობაშია, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ როგორც უმცირესობამ არ უნდა იმოქმედოს“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

მან ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ, სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილის დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპიკერატის პიკეტირება პროტესტის მიღებული ფორმაა საპარლამენტო პრაქტიკაში, რაც პროტესტის გამოხატვის ფორმაა.

„ჩვენ გვქონდა სამწუხარო ფაქტი და კანონის უხეში დარღვევა, როდესაც პარლამენტის წევრებს არ უშვებდნენ პარლამენტის შენობაში. ჩვენ საბოლოოდ შევძელით ჭყლეტაში რომ არ გადაზრდილიყო, აგვერიდებინა თავიდან უსიამოვნოდ დასაკვირვებელი მოვლენები, მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტის წევრებს არ ჰქონდათ შემოსვლის საშუალება. ასევე უნდოდათ მედიის წარმომადგენლებს შემოსვლა, რომლებსაც საშვები ჰქონდათ. იმის თქმა, რომ გაითიშა ქსელი, საშვებიანი ადამიანების შესვლა ვერ ხდებოდა, დაცინვაა საზოგადოების. სპიკერატის პიკეტირება პროტესტის მიღებული ფორმაა საპარლამენტო პრაქტიკაში, ხშირად ხორციელდება განვითარებულ დემოკრატიებში. ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

მან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დღევანდელი განცხადებები სამარცხვინო და აბსურდული იყო.

„რა უნდა ვთქვათ, ასეთ აბსურდულ და სამარცხვინო განცხადებაზე. თუ შეთქმულებას ჰქონდა ადგილი, რატომ არ ამხილეს ? სად არიან ისინი, ვინც მონაწილეობდა? თუ მათთვის ცნობილი იყო, რატომ არ მოხდა შეთქმულების განხორციელების პრევენცია? სად იყო ხელისუფლება? ამიტომ ვითხოვთ მათ გადადგომას, მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს მოვლენები არ მომხდარიყო. ასეთი განცხადების შემდგომ, ნათელი ხდება, რომ ეს მთავრობა უნდა გადადგეს “,-აღნიშნავს ჯაფარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო