„პალიტრა მედიას“ განცხადება

„პალიტრა მედია“ სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ მედიასაშუალებას, რომლის ჟურნალისტებიც დაზარალდნენ 5 ივლისის მძიმე მოვლენებისას და დიდ მწუხარებას გამოთქვამს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. 5-6 ივლისს დაშავებულთა შორის ასევე არის „პალიტრა მედიის“ 3 ჟურნალისტი, მათ შორის, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი დღემდე კლინიკაში იმყოფება თავის მძიმე ტრავმით. მას აქამდე აღენიშნება თავის ძლიერი ტკივილი და მის რეაბილიტაციას სამწუხაროდ კიდევ სულ ცოტა რამდენიმე თვე დასჭირდება(!)

"პალიტრა მედია" მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს 5 ივლისის მოვლენების, ანუ ჟურნალისტთა კორპუსზე მასობრივი თავდასხმის და გაუგონარი ძალადობის საქმის გამოძიება. ამასთან, სამართალდამცავებმა უნდა გამოავლინონ არა მხოლოდ უშუალო შემსრულებლები, არამედ სავარაუდო ორგანიზატორები. ცალკე გამოძიების საგანი უნდა იყოს 5 ივლისს პოლიციის არასათანადო მოქმედების საკითხი და უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობა, ვინც არ ან ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების დაცვა. მივიჩნევთ, რომ თუ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა კითხვას არ გაეცა პასუხი, ეს მუდმივად იქნება სამართლიანი მღელვარების მიზეზი. ასევე ვთვლით, რომ ის ადამიანები, რომელთა სიტყვასაც აქვს გავლენა საზოგადოებაზე ან გარკვეულ ჯგუფებზე, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას, რომ არ გამოიწვიონ ისედაც დაძაბულ ვითარებაში პროცესების აგრესიულ კალაპოტში გადაყვანა.

ჩვენ უკვე 27-ე წელია ვართ მედიაბიზნესში და ვემსახურებით თავისუფალი მედიის განვითარების საქმეს, რასაც ვფიქრობთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისთვის, მისი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში არაერთი მძიმე გამოწვევის წინაშე ვმდგარვართ, არასოდეს გადაგვიხვევია ჩვენი კურსისთვის, რაც გულისხმობს მკითხველისთვის, მაყურებლისთვის თუ მსმენელისთვის მხოლოდ ფაქტებზე და ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებული მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ეს არის მედიის დანიშნულება.

ვფიქრობთ, მედიას, ყოველგვარი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირების გარეშეც, შეუძლია მიმდინარე პროცესებში აქტიური როლის შესრულება და მათ შორის, 5 ივლისის მოვლენების გამოძიების პროცესის გაკონტროლება.

მიგვაჩნია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, საქართველომ 6-თვიანი მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიარა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი ქვეყანა. დღეს ისევ მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ვუახლოვდებით სახიფათო ზღვარს. ვთვლით, რომ ქაოსი და დესტაბილიზაცია, რისკენაც სამწუხაროდ ნელნელა მივდივართ გაუთავებელი რყევებით და პოლარიზაციის გაღრმავებით, საქართველოს მტრის ინტერესშია, რომელიც ყველანაირად ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს მაქსიმალურად დასუსტებას და ქვეყნისთვის ყოველგვარი პერსპექტივის დაკარგვას - იქნება ეს ეკონომიკური განვითარება თუ ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია. თუ მტერმა თავის მიზანს მიაღწია, დავმარცხდებით ყველა - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, მედიაც, საზოგადოებაც, მიუხედავად პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა. მოვუწოდებთ ყველას, ერსაც და ბერსაც, ნუ დავასხამთ მტრის წისქვილზე წყალს და უსწრაფესად გადავიყვანოთ ქვეყნის ცხოვრება მშვიდობიან კალაპოტში.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა