დავით კუტალაძე - შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ უარი ვთქვი

მე შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ მე უარი ვთქვი, დავრჩი ჩემ ბიჭებთან, მე გასაქცევი არ მაქვს, გასაქცევი იმ ადამიანს აქვს ვინც მართალი არაა და ხმამაღლა არ ლაპარაკობს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულმა დავით კუტალაძემ სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, ის მართალ გზაზე დგას.

"მე შეიძლება საკმარისი განათლება არ მქონდეს, ღარიბ ოჯახში გავიზარდე და ადვოკატის აყვანის საშუალებაც არ მქონდა, მაგრამ მე მართალი, ქართველი ვაჟკაცი ვარ, ვინც მომავალზე ზრუნავს. იმ ფერადი დროშის უკან სატანა დგას, მათ არ გააჩნიათ მორალი, მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი, რომელიც კავკასიის გულში არასდროს მოგცემთ უფლებას ასეთი მარში ჩატარდეს. მათ არ იციან რას ნიშნავს ადამიანობა, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. თქვენ წინ დგას ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, ვინც თავისი ხელებით აჭმევს მის დედ-მამას, ვისაც აქვს მეურნეობა. მე არ მეშინია არავისი, ვინაიდან ჩვენ მართალი ხალხი ვართ. მე დამაბრალეს შავი დაჯგუფების წევრად და რუსეთთან კავშირი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მე აქედან შეიძლება ციხეში ამომაყოფინონ თავი, რადგან მე პატიოსანი გლეხი ოჯახის შვილი ვარ, მათ ჩემ წინააღმდეგ არანაირი მასალა არ აქვთ, შოუებშიც კი ყველანი ერთდროულად შემომიტრიალდა, მაშინ მივხვდი რომ მართალ გზაზე ვდგავარ",- განაცხადა კუტალაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, დავით კუტალაძე და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

დავით კუტალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

„TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს