ვანო მაჭავარიანი - იმ ნარატივის შემოტანა, რომ ოპოზიციის მხრიდან  აზრი არ აქვს მთავრობის უნდობლობის საკითხის ინიცირებას,  დემოკრატიული პროცესის არცოდნას ნიშნავს

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, იმ ნარატივის შემოტანა, რომ ოპოზიციის მხრიდან აზრი არ აქვს მთავრობის უნდობლობის საკითხის ინიცირებას, დემოკრატიული პროცესის სრულიად არცოდნას ნიშნავს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია ვალდებულია შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა, რომელიც მთავრობის პასუხისმგებლობას კონკრეტულად აყენებს და ის პროტესტი, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენებს მოჰყვა, არსად წავა.

ექსპერტის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ ცდილობს აჩვენოს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან, შესაძლოა, პასუხი ფიზიკური ზეწოლით და ტერორით გასცენ.

„პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, რაც 5 ივლისს მოხდა. 5 ივლისს სახელმწიფო იყო ფაქტობრივად სრული კოლაფსის წინაშე, როდესაც აღმოჩნდა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო აზრის გამოხატვის და შეკრების უფლების უზრუნველყოფა და არამარტო უზრუნველყოფა, არამედ ძალიან კონკრეტულად გამოჩნდა, რომ ის რადიკალური ჯგუფი, რომელიც არსებობს საპატრიარქოში და ღარიბაშვილის კონკრეტული დამქაშები, უნისონში მუშაობდნენ იმისთვის, რომ სწორედ ჟურნალისტებზე ყოფილიყო შეტევა, სწორედ სამიზნე ყოფილიყო თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები და ის ხალხი, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ იყო იმ ღონისძიებასთან. რეალურად როგორც საქართველოს საზოგადოებამ, მოსახლეობამ და ჩვენმა პარტნიორებმა ევროპაშიც და ამერიკაშიც დაინახეს, რომ ეს იყო მთავრობის მიერ მანიპულირებული ძალადობა, რომელმაც საშუალება მისცა პოლიტიკურად მოტივირებულ ბრბოს იმ მიზნებისთვის მიეღწია, რომელიც პირდაპირ არის თავისუფალ მედიაზე შეტევა. ის, რომ ამას მოჰყვა პროტესტი და არსებობს მუხტი და ეს მუხტი არსად წავა, ეს „ქართულმა ოცნებამ“ და ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის, უბრალოდ მომავალი არჩევნების წინ ცდილობს აჩვენოს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან, შესაძლოა, სწორედ ასეთი ფიზიკური ზეწოლით და ტერორით იქნენ პასუხგაცემულები.

ის, რომ ოპოზიცია ცდილობს, რომ ზეწოლა მაქსიმალურად გააძლიეროს ხელისუფლებაზე, რომელსაც სრულიად აქვს მიტაცებული ძალაუფლების მექანიზმები, ის რომ საზოგადოება, მედია ასევე ცდილობს ამ ზეწოლის შენარჩუნებას, ეს ცხადია, მაგრამ რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი კოორდინაცია, მეტი ერთობა, როგორც პოლიტიკურ-საზოგადოებრივი, ასევე მედიაწარმომადგენლების მხრიდან იმისთვის, რომ ეს მუხტი არ ჩაქრეს და შედეგი დადგეს.

რა თქმა უნდა, უნდა დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. საკითხის ინიცირებისთვის საჭირო 50 ხმა არის და იმ ნარატივის შემოტანა „ქართული ოცნების“ მხრიდან და მათი ოპოზიციური სატელიტების მხრიდან, რომ თურმე აზრი არ აქვს, ეს არის დემოკრატიული პროცესის სრულიად არცოდნა, რადგან ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია სწორედ იმისთვის არის, რომ დასვას მთავრობის უნდობლობის საკითხი, ინიცირება მოახდინოს და შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა, რომელიც ამ მთავრობის პასუხისმგებლობას კონკრეტულად აყენებს. პასუხებია კითხვებზე გასაცემი, თუ რა და როგორ მოხდა 5 ივლისს და ეს ნორმალური დემოკრატიული პროცესია. „ქართულ ოცნებას“ თვითონ არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და აღიაროს შეცდომა და მოახდინოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რეალურად თვითონ უნდა იყვნენ ამის ინიციატორები, მაგრამ ვინაიდან არ არის ნორმალური დემოკრატიული ძალა და არის ავტორიტარული ერთპიროვნული მმართველობის სამსახურში, რა თქმა უნდა, ცდილობს ამ ნარატივის შემოტრიალებას. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ნორმალური საპარლამენტო დემოკრატიული მმართველობის ინსტრუმენტი, რომელიც ოპოზიციას გააჩნია - საზოგადოების მოთხოვნით, დააყენო ხელისუფლების, მთავრობის უნდობლობის საკითხი, ინიცირება გააკეთო ამ საკითხის და საკანონმდებლო ორგანოში პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, „ქართული ოცნებიდან“ თუ „ოპოზიციიდან“ გაიზიარებდნენ ამ ინიციატივას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალურად რა კავშირი ჰქონდა დღევანდელ ხელისუფლებას, იმ რადიკალურ ჯგუფებს საპატრიარქოდან, რომლებიც მართავდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრბოს, რომელმაც გამოიწვია ეს ძალადობა და მსხვერპლი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, ხელისუფლებაზე მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს, რომ მათ 5 ივლისის მსგავსი მოვლენების წახალისების, წაქეზების, ხელშეწყობის და მერე ამის გამართლების საშუალება არ ჰქონდეთ.

„ახლა საჭიროა მაქსიმალური კოორდინირება საზოგადოებრივი, პოლიტიკური, მედიასაშუალებების თუ სხვა აქტიური მოქალაქეების იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ იგრძნოს ზეწოლა, რომ მსგავსი ძალადობა შეუძლებელი გახდეს და ამაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები ევროკავშირიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც მხარში დაუდგება ქართველ საზოგადოებას, იმისთვის, რომ ერთპიროვნულ და ავტორიტარულ მმართველობას საქართველოში პერსპექტივა არ ჰქონდეს. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, რომ მათ 5 ივლისის მსგავსი მოვლენების წახალისების, წაქეზების, ხელშეწყობის და მერე ამის გამართლების საშუალება არ ჰქონდეთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო