გიორგი აბაშიშვილი - ვერავის აღტკინებას გავიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ კარგია სანქციებს თუ დაგვიწესებენ - ეს სამწუხარო და დამაზარალებელი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის

როდესაც არ ვითვალისწინებთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების რჩევებს, რომელიც ისევ საქართველოს განვითარებისთვის არის მომართული, ამით რისკის ქვეშ ვაყენებთ საქართველოს შემდგომ პერსპექტივებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ევროკომისიის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

აბაშიშვილის თქმით, ევროკომისიის კრიტიკული შეფასება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ევროკავშირის პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გადმორიცხვას ხელი შეუშალოს, საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება და ლარის კურსზეც უარყოფითად იმოქმედებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების ნაბიჯების გამო ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან - ევროკავშირთან, ევროკომისიასთან და შეერთებულ შტატებთან მუდმივად და მუდმივად პრობლემები გვექმნება და ჩვენი პარტნიორები, მეგობრები იძულებულები არიან ულტიმატუმები, სანქციები და შეზღუდვები ჩართონ. ეს ფაქტი ნამდვილად არ გვიხარია და ვერ შევხვდებით აღფრთოვანებულები. სამწუხაროა და ვერავის აღტკინებას გავიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ კარგია სანქციებს თუ დაგვიწესებენ. ეს სამწუხარო და დამაზარალებელი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. უპირველესად, როგორც წესი, ეს ყველაფერი აისახება ხოლმე ყველაზე შეჭირვებულ მოსახლეობაზე. ცხადია, ფინანსური დახმარებების შეზღუდვა, რაც მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია, გავლენას ახდენს ლარის კურსზე, ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებაზე, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. ეს განცხადება ასევე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სხვა საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე - EBRD-ზე, "ევროპის საინვესტიციო ბანკზე“, „მსოფლიო ბანკზე“, „მსოფლიო სავალუტო ფონდზე“ და დააფიქრებს მათ როგორ უნდა იმოქმედონ საქართველოსთან მიმართებაში. არის კი საქართველო ის ქვეყანა, სადაც მათი პროგრამები უნდა განახორციელონ და დახმარებები გაწიონ?

თუ დავაკვირდებით პანდემიამდე პერიოდს, საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური სურათი იყო. ეკონომიკური პროგრამის პროგნოზირებადობა იმდენად სწორად იყო, რომ პანდემიის პერიოდში, როცა ქვეყანამ მიმართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს დახმარებისთვის პრემიერ გახარიას მმართველობის პერიოდში, უპრეცედენტოდ მეტი საერთაშორისო დახმარება მიიღო. ახლა ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ და რისკის ქვეშ დგება. როდესაც არ ვითვალისწინებთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების რჩევებს, რომელიც ისევ საქართველოს განვითარებისთვის არის მომართული, ამით რისკის ქვეშ ვაყენებთ საქართველოს შემდგომ პერსპექტივებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს