ანა ბუჩუკური - ვერ გავიზიარებთ სიხარულს, რასაც ოპოზიციური სპექტრისგან სანქციების შესაძლო დაწესებაზე ვხედავთ, პროცესები ამ მიმართულებით თუ განვითარდა, დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, მთლიანად სახელმწიფოს

პარტია „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტარი ანა ბუჩუკური სტრატეგიული პარტნიორებისგან შესაძლო სანქციებზე საუბარს ეხმაურება და ხელისუფლებას მიმართავს არსებული რისკები სრულად გაიაზროს.

როგორც ბუჩუკური ამბობს, ვერ გაიზიარებს სიხარულს, რასაც ოპოზიციური სპექტრისგან სანქციების შესაძლო დაწესებაზე ხედავს, რადგან, მისივე განმარტებით, პროცესები ამ მიმართულებით თუ განვითარდა, დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, მთლიანად სახელმწიფოს.

„ჩვენ ნამდვილად არ გვახარებს ის განცხადებები და მინიშნებები, რომლებითაც დღეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა და მთავარმა მოკავშირეებმა უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებებით მოგვმართეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკომისიის განცხადებებში უკვე საუბარია კონკრეტული ფინანსური ბერკეტების/მექანიზმების შესაძლო ამოქმედებაზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ თუ პროცესები ამ მიმართულებით განვითარდა, ეს დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. ამიტომ, ვერ გავიზიარებთ იმ სიხარულს და აღტკინებას, რასაც ხშირად ოპოზიციური სპექტრის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებასთან, ან ფინანსური ტრანშების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ვხედავთ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. ანა ბუჩუკური ხელისუფლებას მოუწოდებს არსებული რისკები სრულად გაიაზროს და ქვეყანას არსებულზე მეტი ზიანი არ მიაყენოს. ,,ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ გუნდს, კარგად გაიაზრონ ის რისკები რომლის წინაშედაც დგას ჩვენი ქვეყანა, რომლის 20% არის ოკუპირებული, რომელიც დგას მძიმე პრობლემების და გამოწვევების წინაშე - ვითარება არის უკიდურესად მძიმე და სახელმწიფო ინსტიტუტები არის იმდენად დასუსტებული, რომ ფუნდამენტურ ფუნქციებსაც ვეღარ ასრულებენ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. პარტია ,,საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი ხაზს უსვამს, რომ სტრატეგიული პარტნიორების მკაცრი გზავნილების მიზეზი უკავშირდება როგორც ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტსა და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ასევე მოსამართლეების დანიშვნის პროცესს.

,,მოსამართლეებთან დაკავშირებით პირველივე დღიდან ჩვენი პოზიცია იყო რომ პროცესი უნდა გაჩერებულიყო, რაც არ გააჩერეს. ამ პროცესში ჩვენმა მონაწილეობამ ცხადად აჩვენა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მანკიერება როგორც პროცესთან დაკავშირებით, ისე თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით. ეს ყველამ ნახა - მათ შორის, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რომლებიც სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებდნენ მონაწილეობა მიეღოთ ამ პროცესში. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ბოიკოტს დადებითი შედეგი არ მოაქვს. თქვენც ნახეთ - მრავალი თვის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში იყო, მაგრამ არაფერი ქვეყნისთვის კარგი არ მოუტანია. ამ ლოგიკით, მაშინ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დავტოვოთ ყველაფერი, დავყაროთ ფარხმალი და შევატოვოთ ყველაფერი "ქართულ ოცნებას" - ამას არ ვაპირებთ არცერთ პროცესში“, - ამბობს ბუჩუკური და არსებული სიტუაციის დაძლევის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის" ინიცირებულ კანონპროექტზეც საუბრობს.

ბუჩუკური ოპოზიციურ სპექტრს ამ გამოსავალზე ყურადღების გამახვილებას სთხოვს.

„ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ამ პროცესს დაარქვეს გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის მხრიდან და ეს ასეა სამწუხაროდ. რაც შეეხება გამოსავალს სად ვხედავთ - ჩვენმა გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც ემსახურება ამ ე.წ. გავლენის ჯგუფების, გავლენების ხარისხის შემცირებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამ პროექტით ხდება ჭარბად კონცენტრირებული ძალაუფლების დაშლა და განაწილება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროექტს ყურადღებას მიაქცევს ასევე ოპოზიციური სპექტრიც“, - ამბობს ანა ბუჩუკური.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა