ირაკლი კოვზანაძე - უნდა მოვუფრთხილდეთ საინვესტიციო გარემოს, 5 ივლისთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება დაიწყო

უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს საინვესტიციო გარემოს. 5 ივლისთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ დაიწყო გარკვეულწილად ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთი უცხოელი არ ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც გარკვეულწილად სიცოცხლის რისკები იქნება, „არც ერთი უცხოელი არ ჩამოვა თუ აქ უცხოელებს სცემენ“ და არ შეიძლება ბიზნესკონტაქტზე იყოს საუბარი თუ სტაბილურობისა და დაცულობის განცდა არ იქნება ქვეყანაში.

„მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, 5 ივლისს და მასთან დაკავშირებულ სამწუხარო მოვლენებს. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს. მიმაჩნია, რომ არაფერი დგას ადამიანის სიცოცხლესა და თავისუფლებაზე მაღლა. ვფიქრობ, რომ უნდა გაგრძელდეს გამოძიება და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ განვითარებული მოვლენები არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ამ საკითხს ახლავს ეკონომიკური მდგენელიც. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადის რთულ პერიოდს, ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა, ასეთ ვითარებაში, მე ვფიქრობ, რომ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს საინვესტიციო გარემოს. ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო გარკვეულწილად ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება. ტურისტული სექტორის მნიშვნელობაზე დამატებით არაფერს არ გეტყვით, საკმარისია აღინიშნოს, რომ ტურიზმს ჩვენთან გარკვეულწილად კურსწარმომქმნელი ფაქტორიც გააჩნია, ხოლო მომსახურების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში 70%-ზე მეტი უკავია. ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღებით უნდა მოვეპყროთ უცხოელებს. რომელი უცხოელი ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც გარკვეულწილად სიცოცხლის რისკები იქნება? რომელი უცხოელი ჩამოვა თუ აქ უცხოელებს სცემენ ან რომელ ბიზნესკონტაქტზე შეიძლება იყოს საუბარი თუ სტაბილურობისა და დაცულობის განცდა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში, პარლამენტმა მთავრობასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს განცდა აღდგეს და იყოს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ მსგავსი მოვლენები ქვეყანაში არ უნდა განმეორდეს. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს