ვახტანგ ძაბირაძე - შარლ მიშელი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როცა ქვეყანაში მძიმე ვითარება ყალიბდება - ხელისუფლება და ოპოზიცია  არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის ემზადება

როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე 5-6 ივლისს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

მისი შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის ვიზიტი სავარაუდოდ, სწორედ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებს შეეხება.

„სამწუხაროდ, როდესაც შარლ მიშელი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას იღებს, ეს მაშინ ხდება, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე ვითარება ყალიბდება. მოსალოდნელი ვიზიტი ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება. ძალიან დიდი ხმაური მოჰყვა და ბუნებრივია, უნდა მოჰყოლოდა იმას, რაც 5-6 ივლისს მოხდა. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ „პრაიდის“ ჩაშლა, არამედ პირველ რიგში, ის მოვლენები, რაც განვითარდა- ჟურნალიტებზე, მედიაზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმა და ხელისუფლების როლის განსაზღვრა მთლიანად ამ პროცესში.

მიუხედავად ყოველმხრივი გაფრთხილებისა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ყურად არ იყო ეს გაფრთხილებები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გრძელდება. ამას ემატება ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე იმ კანდიდატების წარდგენა, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა და შეიძლება ითქვას, უფრო გაუარესებული ვარიანტია, ვიდრე ამ პოსტზე თამარ ჟვანის დატოვება იქნებოდა. პრინციპში, ყველაფერ ამას ერთად თუ შევხედავთ, როგორც ჩანს, დასავლეთი და ჩვენი პარტნიორები საკმარისზე მეტად არიან შეშფოთებული არა იმდენად იმით, რაც უკვე მოხდა, არამედ იმით, რა მოლოდინებიც გაჩნდა არა მარტო ევროპაში, არამედ ჩნდება ქართულ საზოგადოებაში. ეს მოლოდინები მაინც და მაინც დამამშვიდებელი ნამდვილად არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად, ორივე მხარე, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის. რა გამოსავალს ნახავს აქედან ან ევროპა, ან ჩვენ, ან ორივე ერთად, ძნელი სათქმელია, მაგრამ რეალობა ნამდვილად ასეთია.

ეს პრობლემა თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მშვიდი შემოდგომა ვერ გვექნება. როგორც ჩანს, ამას ხედავენ და გრძნობენ ევროპაში. სავარაუდოდ, სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ ჩამოვა შარლ მიშელი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე უმეტესი პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება.

„პასუხისმგებლობის დიდი წილი ყოველთვის ეკისრება ხელისუფლებას, რადგან ის პროცესს ქმნის. ამ პროცესის პასუხი რამდენად ადეკვატური უნდა იყოს და რამდენად მისაღები თავად საზოგადოებისთვის, ეს მნიშვნელოვანწილად ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, არც ოპოზიცია არის პრაგმატული და პრაგმატულად ვერ აფასებს სიტუაციას. ამიტომ, რჩება ორპოლუსიანი საზოგადოება და ეს ყოველთვის დაპირიპირებას იწვევს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი განმარტებით, საპროტესტო აქციები პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად კი არ უნდა გაიმართოს, არამედ ქართულმა საზოგადოებამ გულწრფელი პროტესტი გამოხატოს.

„როგორც კი ჩნდება მეტ-ნაკებად ნეიტრალური პროტესტი, საზოგადოება მზადაა ამ პროტესტში მონაწილეობის მიღებისთვის, მაგრამ როგორც კი გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, ეს საზოგადოება გამოდის ამ პროცესიდან. ამიტომ ხდება ის, რაც დღესაა. სამწუხაროდ, ძალიან რთულია ადამიანისთვის ადგე და გააპროტესტო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ადამიანის უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვისაც ეს ყველაფერი ახსოვს. ეს ასე მარტივი არ არის. თანაც გრძნობენ, ხვალ რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, 90%-იანი ალბათობა არის იმის, რომ იგივეს გააკეთებენ, რასაც აკეთებდნენ. ეს ყველაფერი მათ 9 - წლიან ოპოზიციურ მოღვაწეობაში ჩანს. როცა გამოდის მედია და პრემიერის გადადგომას ითხოვს, ამ ფონზე კი „პარადი“ მიჰყავს გვარამიას, გგონიათ, იქ ბევრი ხალხი იქნება? არ იქნება. ამას ვერ ხვდება პირველ რიგში, გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა“. პრობლემა ისაა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე შეცდომა გაიმეოროს ოპოზიციამ. უნდათ საპროტესტო აქცია? მაშინ ეს ხალხი გვერდზე უნდა გადგეს ან მეორე ვარიანტია - ქართულ საზოგადოებას თუ უნდა, რომ ქვეყანა ამ ურთიერთდაპირისპირებიდან გამოიყვანოს, დამოუკიდებლად უნდა გამართოს აქცია. 5 კაცი იქნება? კი ბატონო, იყოს, მაგრამ გვეცოდინება, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით ვინმეს „წისქვილზე წყალს კი არ დაასხამენ“ ან ვინმეს პოლიტიკურ დივიდენდს ან ქულებს კი არ მოუტანენ, არამედ მართლა გააპროტესტებენ იმას, რაც გასაპროტესტებელია. ამ მიმართულებით თუ წავა საზოგადოება, შეიძლება ოქტომბერში დიდი ალბათობით დაპირისპირებას ავცდეთ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს